• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაშიც წარმატებით ფუნქციონირებს

ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლის STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ჯეფრი ნოვაკმა მოინახულა. სივრცე აღჭურვილია STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით. სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები STEAM პროექტების მომზადებაში, მათ შორის უმცროსკლასელებიც. „თავისუფალ დროს ძირითადად ამ ინოვაციურ სივრცეში ატარებენ, შაბათ-კვირასაც ხალისით მოდიან, დამეგობრდნენ, ერთობლივად მუშაობენ პროექტებზე, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა რეგიონის სკოლებისთვის STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. უკვე დაგეგმილია სხვა სკოლებიდან მოსწავლეების მოწვევა, მათთვის გამოცდილების გაზიარება და აქტივობებში ჩართვა.

საერთაშორისო ექსპერტი გაეცნო სივრცის მუშაობას, მოსწავლეებს გაესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო. „ეს მხოლოდ დასაწყისია, – მიმართა ბავშვებს ჯეფრი ნოვაკმა, – ბევრი სახალისო პროცესი გელით წინ. დაფიქრდით, რა საჭიროებს ცვლილებას თქვენს ქალაქში, ან როგორ გააუმჯობესებთ გარემოს თქვენ ირგვლივ. თქვენი ინოვაციური პროექტებით შეგიძლიათ რეგიონის ეკონომიკის განვითარებაშიც შეიტანოთ თქვენი მცირე წვლილი, ურთიერთსარგებელი ნახოთ მეწარმეებთან ურთიერთობაში და ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად სამეწარმეო უნარებიც გაიუმჯობესოთ“.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB) პროექტის ფარგლებში.