თესაუში პროექტის STEM-UPD შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 მაისს პროექტის – “STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის STEM-UPD” – ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. პროექტი ინოვაციურია, რომელიც ითვალისწინებს მოქმედ და მომავალ მასწავლებლებში STEM ცნობიერების ამაღლებას. პროგრამა ემსახურება უნივერსიტეტებსა და სკოლებში STEM მიმართულების გაძლიერებას და მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადებას.
შემაჯამებელ შეხვედრას თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, კახეთის რეგიონის 20-ზე მეტი სკოლის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ და პროექტის მიმდინარეობა და მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტრენინგების ციკლი მიმოიხილეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა ფორმალურ განათლებაში STEM მიდგომის დანერგვის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, აღნიშნა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რასაც და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო STEM ნაკრებები გადაეცა კახეთის რეგიონის 12 სკოლას. მათ შორის, ხუთ სკოლას კი დამატებით – ელექტროინჟინერიისა და ფაბრიკაციის ლაბორატორია.
STEM-UPD პროექტის შესახებ სიახლეები მუდმივად ქვეყნდება ვებგვერდზე.
პროექტი I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერაა დაფინანსებული და მას თესაუ-სთან ერთად ახორციელებს კონსორციუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ), შპს „სთიმითი“ და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის შემადგენლობით.