ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონის სასკოლო მზაობის ჯგუფების პილოტირების შედეგები შეაჯამა
I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი 26-27 ივნისს აჭარის რეგიონს სტუმრობდა და სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამის საპილოტე ჯგუფები მოინახულა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზემო ახალშენისა და ქედის რაიონის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლებში.
სასკოლო მზაობის ჯგუფების პილოტირების მხარდაჭერის მიზნით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, JICA-ს მიერ შეძენილი საბავშვო საკითხავი ლიტერატურისა და საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრებები გადაეცა ორივე სოფლის სასკოლო მზაობის ჯგუფებს.
საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრებები წიგნებთან ერთად სრულად შეესაბამება განახლებულ სასკოლო მზაობის პროგრამას, მოიცავდა საბავშვო სამეცნიერო აღჭურვილობას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში კვლევა-აღმოჩენის უნარების განვითარებას. ხოლო სათამაშოები ბავშვებში წაახალისებს მარტივი მათემატიკური გარდაქმნების და ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინტერესს.
ვიზიტის ფარგლებში კომპონენტის ხელმძღვანელი შეხვდა ადგილობრივი საბავშვო ბაღების გაერთიანებების დირექტორებს, მეთოდისტებს, მშობლებს და სასკოლო მზაობის ჯგუფებში პილოტირების შედეგებს გაეცნო. ასევე, სასკოლო ჯგუფების აღმზრდელებისგან არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ მოისმინა. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, მომდევნო სასწავლო წელს მისაღები კონტიგენტის თაობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
საუბრისას აღმზრდელ-პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღში გადატვირთულობის გამო სასკოლო მზაობის ჯგუფებში გადმოსულმა ბავშვებმა საკუთარი უნარები უკეთ გამოამჟღავნეს და მეტად სწრაფად განვითარდნენ.
I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქედქედის საბავშვო ბაღის გამოსაშვებ წვეულებასაც დაესწრო.
სასკოლო მზაობის ჯგუფები ემსახურება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და განკუთვნილია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ასევე, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ითვალისწინებს კეთებით სწავლას და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს.