თსუ-ში ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც დაინტერესებულ მკვლევრებს საშუალებას მისცემს, სტუდენტებთან ერთად იკვლიონ ნერვული სისტემის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების სხვადასხვა ასპექტი.
ლაბორატორია შეიქმნა I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის – „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“ – ფარგლებში.
საუნივერსიტეტთაშორისო ჰაბი მოიცავს 3 უნივერსიტეტს: თსუ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტების ხელშეწყობით, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ასევე მომზადდა საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურული სადოქტორო პროგრამა „ტრანსლაციური ნეირომეცნიერება“. სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ დოქტორანტები იმუშავებენ ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელების მეთვალყურეობით.
ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)” აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.