• ქართული
  • English

სიახლეები

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის ინოვაციური სივრცე საზეიმოდ გაიხსნა

STEAM ექსტრაკურიკულური აქტივობების განსახორციელებლად მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლაში ინოვაციური სივრცე ამოქმედდა. ინოვაციურ სივრცეს I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი და IBF Expertise SA-ს საერთაშორისო ექსპერტი ჯეფრი ნოვაკი ეწვივნენ. ჯეფრი ნოვაკმა სივრცე სკოლის დირექტორთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლას დაახლოებით 3 თვის წინ გადაეცა საგანმანათლებლო ნაკრებები: პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები, 3D პრინტერი, დრონი და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა. ინოვაციურ სივრცეს I2Q პროექტის ფარგლებში გადამზადებული პედაგოგები ხელმძღვანელობენ. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს მათ მიერ შექმნილი პროექტები  და სასწავლო რესურსების გამოყენების დემონსტრირება მოახდინეს.

„ამ საოცარმა ბავშვებმა დღეს წარმოუდგენლად კარგი შედეგი აჩვენეს. მათი ნიჭიერება და მონდომება განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ვხედავ თქვენს მონდომებას,  ვხედავ, რომ შესანიშნავად იყენებთ ყველა მოწყობილობას და ძალიან მიხარია. არაჩვეულებრივი კლუბი შექმენით და ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს. სულ იფიქრეთ იმაზე, რაში გამოიყენებთ ამ მოწყობილობებს და მიღებულ ცოდნას, რითი გააუმჯობესებთ გარემოს და გაუმარტივებთ ცხოვრებას გარშემომყოფებს. იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ბევრი სახალისო პროცესი, ბევრი აღმოჩენა და აღიარება გელით“, – აღნიშნა პროფესორმა ჯეფრი ნოვაკმა.

სკოლის მოსწავლეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ინოვაციურ სივრცეში დროს ძალიან საინტერესოდ ატარებენ, უშუალოდ ეზიარებიან ტექნოლოგიებს და ხელშესახები შედეგებით ძალიან კმაყოფილები არიან.

სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ ამ ინოვაციური სივრცის ამოქმედებამ საბუნებისმეტყველო საგნები გაცილებით მომხიბლავი გახადა ბავშვებისთვის. „თეორიის პრაქტიკად ქცევა განსაკუთრებით მოსწონთ. გაკვეთილების შემდეგ აქ მორბის ყველა და წასვლა არავის უნდა. კმაყოფილები არიან მშობლებიც, რომლებიც მათი შვილების მონდომებას და ინოვაციებისადმი დამოკიდებულებას ხედავენ“, – აღნიშნავენ ინოვაციური სივრცის ხელმძღვანელები.

დაბა თიანეთის №1 საჯარო სკოლა რეგიონის სხვა სკოლების მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ამ სივრცეს, გაუზიარებს გამოცდილებასა და ჩართავს აქტივობებში.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB) პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.