• ქართული
  • English

სიახლეები

პროექტი „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“ წარმატებით მიმდინარეობს

I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“, განხორციელება აქტიურ ფაზაშია. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობით.

მაისის ბოლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა (სტუ) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ) ჩატარდა სემინარი, რომლის დროსაც ბსუ-ს სტუდენტები სტუ-ს ლაბორატორიაში, სტუ-ის აკადემიური პერსონალის მენტორობით, SCADA-ს სისტემაზე (ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემა) პირველად იმუშავეს დისტანციურად.

პროექტის ფარგლებში, სტუ-ს აკადემიური პერსონალი შეხვდა ექსპერიმენტში ჩართულ ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებს. შეხვედრაზე პროექტის მკვლევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ლაბორატორიული დანადგარების ფიზიკური ეგზემპლარები. აღსანიშნავია, რომ  სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო კურსების შემოტანამ და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობამ  სტუდენტების მოტივაცია მნიშვნელოვნად აამაღლა.

პროექტის განხორციელების შედეგად კონსორციუმის წევრ სამივე უნივერსიტეტში გაუმჯობესდება სასწავლო გარემო. პროექტის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის გაჩნდება ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა: სტუდენტები ექსპერიმენტს შესაბამისი უსდ-ს სპეციალურად აღჭურვილი კომპიუტერული კლასიდან დისტანციურად  წარმართავენ.

პროექტი გეგმის მიხედვით ხორციელდება: შეძენილია ლაბორატორიული აღჭურვილობა (IoT სისტემა – ტექნოლოგიური პროცესების მართვის თანამედროვე სისტემა, რომელიც სტუ-ში განთავსდა და მასზე მუშაობის საშუალება დისტანციურად ექნებათ ბსუ-სა და თესაუ-ს სტუდენტებს), მოდიფიცირებულია სასწავლო პროგრამები და განახლებულია ტექნიკური ბაზები სამივე უნივერსიტეტში, მიმდინარეობს აკადემიური და დამხმარე პერსონალის ტრენინგები.

გალერეა