წალენჯიხის №2 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა
I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა წალენჯიხის №2 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გახსნა. შესაბამისი საგანმანათლებლო ტექნიკით სკოლა 2024 წლის დეკემბერში აღიჭურვა, თუმცა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა STEAM-ით გატაცებული მოსწავლეებისთვის, რომ ძალიან საინტერესო და კრეატიული პროექტები მოემზადებინათ.
„ეს ოთახი ყველა საფეხურის მოსწავლეების საყვარელი თავშეყრის ადგილია, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ჩვენი მოსწავლეები აქ იკრიბებიან და ხალისით ერთვებიან ექსტრაკურიკულ აქტივობებში, ერთმანეთს უზიარებენ იდეებსა და გამოცდილებას. ქმნიან საინტერესო პროექტებს“.
„აქ ყოფნა ძალიან გვიყვარს, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა სახალისო, უფრო ბევრი რამ კი ძალიან მარტივად გასაგები გახდა“, – თქვეს მოსწავლეებმა.
სივრცეს I2Q პროექტის ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლები ხელმძღვანელობენ. „მოსწავლეებს უყვართ აქ ყოფნა, აწყობენ და შლიან რობოტებს, იციან ყველა მოწყობილობის მართვა, 3D პრინტერზე ბეჭდავენ საინტერესო დეტალებს, რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა პროექტში იყენებენ,“ – აღნიშნეს მასწავლებლებმა.
ღონისძიებას რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სხვა სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. წალენჯიხის №2საჯარო სკოლა ახლომდებარე სკოლებისთვის იქცევა ერთგვარ ჰაბად, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ექნება ექსტრაკურიკულურ აქტივობებში ჩართვის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB)“ პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.