• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო“ რეგიონული ტურები საქართველოს ხუთ რეგიონში წარმატებით ჩატარდა

STEAM საგნებისადმი ინტერესის გაძლიერების მიზნით I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტში არაერთი ღონისძიება ხორციელდება. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია STEAM პროექტების ეროვნული კონკურსი „მომავლის საქართველო“. კონკურსის მიზანი STEAM საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებასთან ერთად, I2Q პროექტის 200 საპილოტე სკოლაში დანერგილი STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შედეგების წარმოდგენა და გამოცდილების სხვა სკოლებისთვის გაზიარებაა.

STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველოს“ პირველი ეტაპის შესარჩევი ტური ივნისში, საქართველოს ხუთ რეგიონში ჩატარდა. შესარჩევ რეგიონულ ტურებში 55 სკოლამ (200 საპილოტე სკოლიდან) მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა საზოგადოებას წარმოუდგინეს კონკურსის პირობების შესაბამისად მომზადებული მასშტაბური STEAM პროექტები.

ეროვნული კონკურსის შესარჩევ რეგიონულ ტურებში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის მოსწავლეებმა: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების საკონკურსო თემა იყო საუკეთესო სათამაშო მოედანი, საბაზო საფეხურის – ეპიკური სკოლა, ხოლო საშუალო საფეხურის – მომავლის ქალაქი.

კონკურსის მონაწილე სკოლების ნამუშევრები შეაფასა კომისიამ, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი ხელმძღვანელობდა. წარმოდგენილი პროექტები შეფასდა წინასწარ გაწერილი ოთხი ძირითადი კომპონენტის მიხედვით  – პროექტის გეგმა, მოდელი, ესე და შემაჯამებელი ვიდეორგოლი.პროექტისმომზადებისთვის თითოეულმა სკოლამ 500-ლარიანი დაფინანსება მიიღო I2Q პროექტისგან. პირველი ეტაპიდან ეროვნული კონკურსის ფინალში გადავიდა  9  სკოლა. კონკურსის მონაწილე ყველა სკოლას გადაეცა სერტიფიკატები. ქუთაისსა და თბილისში ჩატარებულ ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი და I2Q პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ სანიკიძე დაესწრნენ.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება „მომავლის საქართველოს“ შესარჩევი მეორე ეტაპის რეგიონული ტურები, რომელშიც 145 სკოლის გუნდები წარმოადგენენ თავიანთ პროექტებსდა ექნებათ შესაძლებლობა გაუზიარონ თავიანთი ნამუშევრები სხვა სკოლებსა და ფართო საზოგადოებას.

მიმდინარე წლის ნოემბერის ბოლოს კი, თბილისში, გაიმართება დასკვნითი STEAM კონფერენცია, რომელზეც 2025 წლის „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის 30 საუკეთესო პროექტი იქნება წარმოდგენილი.

ეროვნული კონკურსის შესარჩევ ტურებში მონაწილეობას იღებს ის 200 საპილოტე სკოლა, რომლებშიც I2Q პროექტის ფარგლებში დაინერგა STEAM ექსრაკურიკულური პროგრამა. 200-ვე სკოლა აღჭურვილია STEAM საგანმანათლებლო ნაკრებებით, 12 მათგანში კი განსაკუთრებული ინოვაციური სივრცეა მოწყობილი. ეს 12 სკოლა რეგიონის სკოლებისთვის ასრულებს STEAM ჰაბის ფუნქციას და უზიარებს მათ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.

აქტივობა ხორციელდება მსიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში. I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური  წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევს.