• ქართული
  • English

სიახლეები

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა

STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეს. მათ სრულად ათვისებული აქვთ ყველა საგანმანათლებლო STEAM მოწყობილობა, რომელიც სკოლას I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გადაეცა.

სივრცეში თანაბრად აქტიურობენ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები, უხარიათ, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში შესწავლილ თეორიას პრაქტიკაში ახორციელებენ. აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით იყენებენ როზბერი პის და არდუინოს პროგრამირების საგანმანათლებლო ნაკრებებს, 3D პრინტერს,  გეგმავენ, ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, ასწავლიან და ზუსტად იციან რა შესაძლებლობებს აძლევთ მათ STEAM და ინოვაციური სივრცე.

STEAM ინოვაციური სივრცის ხელმძღვანელი ამავე სკოლის დირექტორია, რომელიც მოსწავლეების მთავარი მამოტივირებელი და გულშემტკივარია.

„ეს სივრცე მოსწავლეებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს აძლევს. ერთ-ერთმა მე-12 კლასელმა, რომელიც, სხვათა შორის, პროგრამულ ინჟინერიას ირჩევს პროფესიად, მითხრა –  ეს მოწყობილობები რამდენიმე წლის წინ რომ მქონოდა, ახლა გაცილებით ძლიერი ვიქნებოდიო“ – აღნიშნავს სკოლის დირექტორი და მიმართავს ბავშვებს – „დასვით კითხვები, ეძიეთ, იკვლიეთ, იყავით ცნობისმოყვარენი, იპოვეთ პასუხები კითხვებზე და შეცვალეთ მომავალი“.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გააცნო დეტალური ინფორმაცია STEAM ინოვაციური კონკურსის – „მომავლის საქართველო“ და მიმართა: „პროექტებზე მუშაობისას, რეალურ ცხოვრებასთან კავშირებზე იფიქრეთ. ჩვენი მიზანია, თქვენ მიერ აქ შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება შეძლოთ“.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით სკოლა აღიჭურვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (I2Q) (WB)“ პროექტის ფარგლებში. მსგავსი სივრცე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სკოლაში მოეწყობა.