• ქართული
  • English

სიახლეები

CIF-ს პროექტის ფარგლებში, სტუ-ში, მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ორდღიან საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმს – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“ – უმასპინძლა.

ღონისძიება ჩატარდა I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით“ – ფარგლებში.

საგრანტო პროექტი მიზნად ისახავს სტუ-ს საგანმანთლებლო სივრცეში რესურსების მობილიზებითა და მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით შექმნას ინგლისურენოვანი ტრანსდისციპლინური სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს სფეროს უახლეს ტენდენციებს, სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეეძლებათ ხელი შეუწყონ მთის ტერიტორიების გაძლიერებას, განვითარებას და მდგრად მართვას ინოვაციური მიდგომებისა და სისტემური ხედვის გამოყენებით.

ფორუმი აღმოჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა მთის მდგრადობის საკითხებში ჩართული აკადემიკოსების, პრაქტიკოსების, ახალგაზრდა მეცნიერების, სპეციალისტებისა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის ცოდნის ურთიერთგაზიარების, ინტერდისციპლინური დიალოგისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის.

ფორუმის ძირითადი თემები იყო: მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (Gold Standard for the Global Goals); სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები; ელექტრონული სწავლების თანამედროვე მეთოდები; მთის გარემოს მდგრადობის სწავლება; მთის სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის სწავლება და გარეაქტივობები, როგორც პრაქტიკული უნარების გამომუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ფორუმზე  მკვლევარებმა საქართველოდან და იტალიიდან მთის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად განიხილეს განათლების საკითხები, აკადემიური და ახალი სამეცნიერო და პრაქტიკული მიდგომები. გაიმართა დისკუსიები კლიმატის მდგრადობის, ბიომრავალფეროვნების, მდგრადი მეწარმეობისა და მთის ტურიზმის და თემის გაძლიერების თაობაზე.

ფორუმის პარალელურად ქართველი პროფესორებისთვის  ჩატარდა სპეციალური ტრენინგი – „სილაბუსის დიზაინი და შექმნა“, სადაც იტალიელმა და ქართველმა ტრენერებმა ექვსი ტრენინგ-კურსი წარმოადგინეს. სასწავლო პროგრამების შემქმნელებსა და აკადემიურ ლიდერებს მთის სპეციფიკურ კონტექსტზე მორგებული სილაბუსების შესაქმნელად  განათლების სპეციალისტებს პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინოვაციური ტექნიკები შეასწავლეს ტრენერებმა,  გაუზიარეს წარმატების მაგალითები, სასწავლო რესურსები და პედაგოგიური გამოცდილება.

ფორუმისა და ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატების გადაეცათ.

ფორუმი სახელწოდებით „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, მილანის უნივერსიტეტის  კვლევითი ცენტრის UNIMONT HUB (იტალია), დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის, GIS აკადემიისა და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის მჭირდო თანამშრომლობითა და პარტნიორობით.