• ქართული
  • English

სიახლეები

პროექტის – „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ – შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის – „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ შემაჯამებელი შეხვედრა 30-31 ივლისს გაიმართა. პროექტის მიზანი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციასა და ინკლუზიური აკადემიური გარემოს შექმნა და ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელსაც კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროექტის შედეგები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები ესპანეთიდან – პროფესორი სალვადორ სიმო (კატალონიის უნივერსიტეტი) და კვლევითი პროფესორი მარია კაპანაძე (ბარსელონას დამოუკიდებელი უნივერსიტეტი).

პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს შშმ პირების დასაქმების ინოვაციური მოდელი, რომლის ფარგლებშიც უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული რვა ლაბორატორია (ჰაბი) შეიქმნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო უნიფუდი – ჯანმრთელი კვების კუთხე, პოლიგრაფ-შოპი – ასლგადამღები პუნქტი/საგამომცემლო საქმე, ფაბლაბი – ხის პროდუქციის დამამზადებელი პუნქტი, შეხვედრების ბაღი – სოციალური ღონისძიებები სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, ხოლო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა მებაღეობის ლაბორატორია, გასტრონომია – პურის ცხობის ტექნოლოგია, მევენახეობის ლაბორატორია და კომპიუტერული ლაბი.

ჰაბებში შესაბამისი სპეციალისტები განსაზღვრავდნენ შშმ/სსმ პირებისთვის კონკრეტულ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს და ხელს უწყობდნენ მათ სოციალურ ინტეგრაციასა და მხარდამჭერ თემში ჩართულობას. ჰაბებს პრაქტიკის მისაღებად აქტიურად იყენებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების სტუდენტები.

პროექტის ფარგლებში, ჯამში 100-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა და დაეუფლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულებთან მუშაობის კომპეტენციებს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილებით, აქტიურად ტარდებოდა პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და შშმ/სსმ პირების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლებაზე მიმართული ტრენინგები. მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამასა და სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე განახლდა სასწავლო სილაბუსები, შემუშავდა უწყვეტი განათლების მინი-მოდული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებთან მომუშავე ორგანიზაციების სოციალური მუშაკებისათვის, ხოლო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა ახალი სასწავლო მოდულები, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინდივიდებთან მუშაობაზე.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ქეთევან მაყაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა სასწავლო ვიდეოები და ორივე უნივერსიტეტში განხორციელდა თანამონაწილეობითი კვლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებთან ერთად.

შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პროექტის მდგრადობის საკითხები, თუ როგორ მოხდება დასაქმებული შშმ პირების უნარების ტრანსფორმაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში. შეხვედრაზე ასევე წარმოადგინეს სოციალური მუშაობის პროგრამის სტუდენტური პროექტის – „სტუდკასტი“, რომლის წამყვანიც პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

პროექტის „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.