• ქართული
  • English

სიახლეები

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრნენ

საქართველოს მისიის ფარგლებში მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების გლობალური დირექტორი, ლუის ბენვენისტე ეწვია. ვიზიტისას იგი გაეცნო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ აქტივობებს და შეხვდა პროექტის ბენეფიციარებს, სკოლების, უნივერსიტეტების, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

მისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, მათ შორის, რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ევროპისა და ცენტალური აზიის რეგიონში რიტა ალმეიდა, უფროსი ეკონომისტი რენატა ლემოსი, განათლების უფროსი სპეციალისტი კორნელია ჯესი და განათლების სპეციალისტი ანა ბერძენაძე.

28 ოქტომბერს მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის (WB) წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრნენ. ვიზიტის ძირითად მიზანს I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

„მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ როგორ ვითარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები და გამოვყოთ ის საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია თქვენი უნივერსიტეტისთვის“, – მიმართა საზოგადოებას თსსუ-ს რექტორთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას მსოფლიო ბანკის განათლების მიმართულების გლობალურმა დირექტორმა, ლუის ბენვენისტემ.

შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალმა დაწესებულების მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და CIF-ის საგრანტო დაფინანსებით განხორციელებული პროექტებით მიღებულ სარგებელზე. მხარეებმა იმსჯელეს დაწესებულების განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პროექტის შემდგომი ეტაპების დაგეგმვაზე.

„ჩვენი მიზანია მუდმივად ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, რადგან ხარისხი უწყვეტი განვითარების პროცესია. სწორედ ეს პროცესი გვაძლევს შედეგს როგორც სტუდენტებთან, ისე მომავალ ექიმებთან ურთიერთობაში. სამედიცინო განათლებაში მრავალი გამოწვევაა. ვცდილობთ, ეფექტიანად ვუპასუხოთ მათ. პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის.“ — აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

დაწესებულების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თსსუ-ს ხარისხის განვითარებაში.

CIF-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში თსსუ-მ დაფინანსება მოიპოვა პროექტისთვის „OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ და ის შპს – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამეციდინო სკოლასთან პარტნიორობით განახორციელა. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწავლებისა და სწავლის კუთხით ინოვაციების წარმოჩენაა, მათ შორის, მხარდაჭერა აუდიტორიულ სწავლებაში თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.

პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში თსსუ-ში დაინერგა ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა (OSTE – Objective Structured Teaching Encounter), რომელიც დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხანია გამოიყენება, როგორც აკადემიური პერსონალის სწავლებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ეფექტური მოდელი. ეს არის პირველი პროექტი საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს კადრების მომზადების ახალი, თანამედროვე მიდგომებით, ისევე როგორც, ფაკულტეტის განვითარების ინსტრუმენტის შემუშავებას, რაც მნიშვნელოვანია მოდერნიზებული, ინტეგრირებული სასწავლო გეგმის სრულფასოვანი განხორციელებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა სტუმრებმა მოინახულეს თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ სტუმრებს გააცნო ცენტრის ისტორია, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სწავლების ინოვაციური მეთოდები.