IBF Expertise S.A-მა „სკოლის განვითარების გეგმები სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ თემატური მიმართულებით შესრულებული სამუშაოები შეაჯამა
28-30 ოქტომბერს, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში, ჩატარდა სამდღიანი სემინარი სახელწოდებით: „სკოლის განვითარების გეგმები საქართველოში სწავლებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებისთვის: განმსაზღვრელი ფაქტორები და გაუმჯობესების სტრატეგიები“.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სკოლის განვითარების გეგმების პილოტირების შედეგების გაცნობა და პილოტირების გამოცდილების გათვალისწინებით, სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ინოვაციური სტრატეგიების დანერგვის გეგმის განსაზღვრა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სისტემის ყველა ძირითადი უწყების წარმომადგენლები (მათ შორის: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის და I2Q პროექტის საპილოტე სკოლების წარმომადგენლები), რითაც უზრუნველყოფილი იყო სრულფასოვანი მრავალმხრივი ჩართულობა.
სამუშაო შეხვედრა მონაწილეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise S.A მიერ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადებული თემატური დოკუმენტები სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, გაეცნენ პილოტირებაში ჩართული 50 სკოლის შედეგებს და გამოკვეთეს სკოლის განვითარების სტრატეგიების სისტემურ დონეზე დანერგვის გზები. შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ შეაჯამა.

