„ჭკვიანი სათბური“ და დრონების ლაბორატორიები: CIF-ის IIATEP პროექტი ქართული აგროგანათლების მოდერნიზებისთვის
I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ და პროექტის „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში (IIATEP)“ მიმდინარეობას გაეცნენ.
პროექტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კონსორციუმის შემადგენლობით ახორციელებენ ალტე უნივერსიტეტი, შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
პროექტი მიზნად ისახავს თესაუ-ს აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის, მევენახეობა და მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისა და ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მოდერნიზებას.
შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თესაუ-ს მევენახეობისა და მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამას დაემატა აგროტექნოლოგიური მოდული. ასევე, ახალი სასწავლო კურსებით განვითარდა ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა.
თესაუ-ში უკვე მოეწყო „ჭკვიანი სათბური“. აგრეთვე, შესაბამისი ტექნოლოგიებით მიმდინარეობს დრონებისა და ჭკვიანი მოწყობილობების ლაბორატორიები, რომლებიც მოეწყობა თესაუ-სა და ალტე-ს უნივერსიტეტებში.
პროექტის ფარგლებში თესაუ-ში ჩატარდა აგროტექნოლოგიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დარგის როგორც ადგილობრივმა, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებმა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაწილეობით კი დაგეგმილია ფერმერებთან შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც ფერმერები დანერგილ აგროტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობიან. ამასთანავე, მოეწყობა ბანაკი, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები სტუდენტებს აგროტექნოლოგიური მიმართულებით არსებულ სიახლეებს გააცნობენ.