I2Q პროექტის მხარდაჭერა ადრეულ განათლებაში: ლანჩხუთის გამოწვევები და JICA-ს რესურსები პატარებისთვის
I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად, შეხვედრა გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და მთავარ მეთოდისტთან. მხარეებმა მიმოიხილეს არსებული გამოწვევები და საჭიროებები და გაეცნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის მენტორინგის განმეორებითი პროცესის მიმდინარეობას. პროცესს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტი და ადგილობრივი ტრენერი უძღვებიან.
ასევე, I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო ბაღებისა და სასკოლო მზაობის ჯგუფების პილოტირების მხარდაჭერის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს ჩართულობით, JICA-ს მიერ შეძენილი საბავშვო საკითხავი ლიტერატურისა და საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრებები გადასცა.
საგანმანათლებლო სათამაშოების ნაკრებები, წიგნები და საბავშვო სამეცნიერო აღჭურვილობები გამოყენებული იქნება პატარებში კვლევა-აღმოჩენის უნარების განსავითარებლად, ხოლო სათამაშოები ბავშვებში მარტივი მათემატიკური გარდაქმნების და ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინტერესს წაახალისებს.
I2Q პროექტისა და JICA-ს თანამშრომლობის ფარგლებში რესურსები უკვე გადაეცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასკოლო მზაობის ჯგუფებსაც.