მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თიანეთის სკოლის STEAM ინოვაციური სივრცე მოინახულა
I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანთან ერთად, დაბა თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში მოწყობილი STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე (STEAM LAB) დაათვალიერა.
ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა მაღალი რანგის სტუმრებს ინოვაციურ სივრცეში მუშაობისას შექმნილი ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ დეტალურად გააცნეს სტუმრებს ლაბორატორიაში აქტივობების სპეციფიკა და წარმოაჩინეს ის პრაქტიკული უნარები, რომლებიც ამ განსაკუთრებულ სივრცეში შეიძინეს.
„STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა და ინოვაციური სამუშაო სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, რადგან ისინი მეტ შესაძლებლობას აჩენენ ინოვაციური პროგრამების შექმნისა და პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით,“ – აღინიშნა შეხვედრაზე.
დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის STEAM ინოვაციური სივრცე აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და რესურსებით, რაც ხელს უწყობს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს. სკოლას მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გადაეცა სპეციალური ნაკრებები: პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიისა და მწვანე ენერგიის ნაკრებები, ასევე 3D პრინტერი, დრონი და კომპიუტერული ტექნიკა. სივრცეში განთავსებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემოთავაზებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპეციალური ავეჯი. STEAM ინოვაციური სივრცე უზრუნველყოფილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც საშუალებას იძლევა სხვა სკოლებთან დისტანციურად დაკავშირების, ერთობლივი STEAM პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებისთვის.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 200 სკოლაში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მომზადება გაიარა საბუნებისმეტყველო საგნების 400-ზე მეტმა პედაგოგმა, ხოლო პროგრამაში ჩართულია 3000-ზე მეტი მოსწავლე.

