მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების (CFA) საკითხებზე სემინარი გაიმართა
I2Q პროექტის მხარდაჭერითა და IBF Expertise S.A-ის ორგანიზებით, 14 ნოემბერს გაიმართა მნიშვნელოვანი სემინარი მოსწავლეთა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების (CFA) საკითხებზე.
სემინარს უძღვებოდა IBF Expertise S.A-ს საერთაშორისო ექსპერტი, შეფასების სპეციალისტი ნორმან ემერსონი.
მან დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა პრეზენტაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ ძირითად ასპექტებს:
- პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო შეფასების შედეგები, რომელიც ეხებოდა განმავითარებელი შეფასების არსებულ სისტემას და მისი განხორციელების ძირითად გამოწვევებს;
- პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები და მათი პილოტირების მიზნით განხორციელებული აქტივობები;
- საპილოტე სკოლების გამოცდილება და განმავითარებელი შეფასების ტრენინგ-მოდული.
სემინარს ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ყველა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის და საპილოტე სკოლების წარმომადგენლები.
სემინარზე წარმოდგენილი იყო CFA პილოტირების შედეგები. განმავითარებელი შეფასების პილოტირებაში ჩართული სკოლების პედაგოგებმა წარმოადგინეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაზე წარმატების კრიტერიუმებისა და შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
სემინარის მეორე ნახევარი დაეთმო პანელურ სხდომას, რომელსაც შეფასების ექსპერტი უძღვებოდა. მონაწილეებმა CFA პილოტირების შედეგების სისტემურ დონეზე დანერგვის გზებზე იმსჯელეს. ღონისძიება სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შეაჯამა.

