სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები საქართველოს მორიგი ვიზიტით ეწვივნენ
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები საქართველოს მორიგი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების“ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგებისა და არსებული გამოწვევების მიმოხილვა.
ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები, მათ შორის საგანმანათლებლო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების გაძლიერების სქემა და შესაბამისი მომზადება-გადამზადების მოდულები. ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აქტიური პარტნიორობისთვის და განათლების სისტემის სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები გააცნო.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ დადებითად შეაფასა ურთიერთთანამშრომლობის დინამიკა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზაობა გამოხატა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტები შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან გამართავენ.

