STEAM ინოვაციური სივრცე ბორჯომის N1 საჯარო სკოლაშიც გაიხსნება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაციით, I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დამატებით კიდევ ერთი, მე-13 STEAM ინოვაციური სივრცე მოეწყობა ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში. ეს სივრცეც აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და STEAM საგანმანათლებლო რესურსებით.
სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის წარმატებით დანერგვისა და ლაბორატორიის ასამოქმედებლად აუცილებელია პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება.
ამ მიზნით, 6 ნოემბერს ბორჯომის N1 საჯარო სკოლას I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი და IBF Expertise S.A. STEAM მიმართულების საერთაშორისო ექსპერტი ეწვივნენ. ექსპერტმა სივრცის მოწყობის კონკრეტული რეკომენდაციები მისცა სივრცის ხელმძღვანელს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისა და დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ჩაატარა სპეციალური ტრენინგი.
საერთაშორისო ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამების სკოლებში დანერგვის ძირითადი აქტივობები და მოუწოდა მათ აქტიური თანამშრომლობისკენ:
„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. I2Q პროექტის ფარგლებში, ორ წელიწადში, საქართველოს 200 სკოლას დავეხმარე სტემ ლაბორატორიების მოწყობაში და მათგან 12-ში მოეწყო ისეთივე განსაკუთრებული სივრცე, როგორიც სულ მალე იქნება თქვენთანაც.
ამ სკოლებმა არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენეს და წარმატებული პროექტები შექმნეს. თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს უნიკალური მოწყობილობები თქვენი ულამაზესი ქალაქის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. ეძიეთ იდეები, იმუშავეთ, ითანამშრომლეთ სხვა სკოლებთან, შექმენით და გაავრცელეთ შედეგები“.
საერთაშორისო ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აუხსნა მწვანე ენერგიის მოწყობილობებისა და არდუინოს გამოყენების პრინციპები. შეხვედრის მონაწილეებმა პრაქტიკაში ააწყვეს ქარის ენერგიაზე მომუშავე ტურბინა, ელექტროლიზის საშუალებით აამუშავეს რობოტი მანქანა და გაეცნენ სწავლების ინოვაციურ მიდგომებს.
STEAM ინოვაციური სივრცის ოფიციალური გახსნა ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

