• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM ეროვნული კონკურსის რეგიონული ტურის მორიგი ეტაპი თბილისში ჩატარდა

24-26 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, STEAM ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო 2025“ რეგიონული ტურის მორიგი ეტაპი გაიმართა. ეროვნული კონკურსის შესარჩევ რეგიონულ ტურში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის STEAM ექსტრაკურიკულურ პროგრამაში ჩართული საპილოტე სკოლების მოსწავლეებმა. მათ კონკურსისთვის შესრულებული STEAM პროექტების შესახებ დეტალური პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მოსწავლეების ინოვაციურ ნამუშევრებს ყურადღებით ეცნობოდა საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი. „ამ კონკურსმა ქართველი მოსწავლეების უდიდესი ნიჭი და პოტენციალი გამოავლინა; მონაწილეებმა ეს გამოცდილება უნდა გამოიყენონ, როგორც მოტივაცია, რათა მუდმივად იმუშაონ პიროვნულ განვითარებაზე და ეფექტურად გადაჭრან ირგვლივ არსებული პრობლემები“, – მიმართა ბავშვებს პროფესორმა ჯეფრი ნოვაკმა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტმა და I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა კონკურსის მონაწილე სკოლებს სერტიფიკატები გადასცეს.

გამოვლენილი საუკეთესო პროექტები წარმოდგენილი იქნება თბილისში, ნოემბრის ბოლოს, „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის დასკვნით STEAM კონფერენციაზე.

აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში. I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური  წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევს.