• ქართული
  • English

სიახლეები

„მომავლის საქართველოს“ STEAM ეროვნული კონკურსის მორიგი ტური ზუგდიდში ჩატარდა

STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის – „მომავლის საქართველო“ მეორე ეტაპის მორიგი შესარჩევი ტური ქალაქ ზუგდიდში 18 ნოემბერს ჩატარდა. ტურში მონაწილეობდნენ STEAM ექსტრაკურიკული პროგრამის საპილოტე სკოლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „ამ პროექტში მონაწილეობით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა კონტექსტშიც გამოიყენებთ. განათლების არსი და უმთავრესი დანიშნულებაც სწორედ ეს არის – მოგამზადოთ უფრო დიდი გამოწვევებისა და მიზნების მისაღწევად“.

რეგიონული ტურის მიმდინარეობაში აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო კომპანიის საერთაშორისო ექსპერტი, ჯეფრი ნოვაკი. პროფესორმა ნოვაკმა „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის მონაწილეებს მიმართა: „პერდუს უნივერსიტეტში ჩვენ წარმატებასაც და მარცხსაც თანაბარი ღირებულებით ვაფასებთ. გახსოვდეთ, რომ მარცხი ჩვენი სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია, და ეს პროექტიც სწორედ ზრდასა და განვითარებაში გვეხმარება. თქვენ ბევრი ისწავლეთ, იშრომეთ და არაჩვეულებრივი პროექტები შექმენით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გზები მომავალშიც არაერთხელ გადაიკვეთება, და თქვენი წარმატების ისტორიები გულწრფელად გამახარებს. მთავარია, არასდროს შეჩერდეთ, მაშინაც კი, როცა დიდ წარმატებას მიაღწევთ. მუდამ მეტის გაკეთების სურვილით უნდა იმოქმედოთ.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ყოფნა. ახლა, მოდით, მოვუსმინოთ პრეზენტაციებს და, იმედია, თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ თქვენი თანატოლების მოსმენით“.

პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ საერთაშორისო ექსპერტმა და I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა კონკურსის მონაწილე ყველა სკოლას სერტიფიკატები გადასცეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ტურში საუკეთესო პროექტი გამოვლინდა. ყველა სკოლის საუკეთესო პროექტები წარმოდგენილი იქნება თბილისში, ნოემბრის ბოლოს, დასკვნით STEAM კონფერენციაზე, სადაც ისინი „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის 30 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდებიან.

აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში. I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური  წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევს.