სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლების STEAM პროგრამის მოსწავლეებმა პროექტები წარადგინეს
21 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის STEAM ექსტრაკურიკულურ პროგრამაში ჩართული საპილოტე სკოლების მოსწავლეებმა წარმატებით გამართეს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები.
მოსწავლეების ინოვაციურ ნამუშევრებს ყურადღებით გაეცნო საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი. მან შეაფასა წარმოდგენილი პროექტები და ღონისძიების მონაწილეებს მოტივაციით სავსე სიტყვით მიმართა: „ამ კონკურსში მონაწილეობა უდიდეს გამოცდილებას შეგძენთ. ის გასწავლით, თუ რა საკითხები გაქვთ გასაუმჯობესებელი და რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება. არასოდეს დატოვოთ უყურადღებოდ ის პრობლემები, რომლებიც პროექტზე მუშაობისას შეგხვდათ. და რაც მთავარია, ყოველთვის! ყოველთვის იმუშავეთ საკუთარი მიღწევების გასაუმჯობესებლად“.
საერთაშორისო ექსპერტმა, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გადასცა სერტიფიკატები ეროვნული კონკურსის, „მომავლის საქართველოს“ შესარჩევი ტურის ყველა მონაწილეს. ღონისძიება დასრულდა მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებით.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით გამოვლენილი საუკეთესო პროექტი წარმოდგენილი იქნება 27 ნოემბერს დაგეგმილ დასკვნით STEAM კონფერენციაზე.
აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში. I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევს.

