• ქართული
  • English

სიახლეები

განახლებული საგანმანათლებლო რესურსი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის თანაბარ შესაძლებლობებს შექმნის

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის (I2Q) ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა განახლებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო – ადრეული განათლების კურიკულუმი – „თამაში“, რომლის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესება და სწავლების ხარისხის ფუნდამენტური ამაღლებაა.

განახლებული კურიკულუმი ითვალისწინებს ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებს – (1) ბავშვის აღზრდისა და განათლების და (2) ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტებს.

სახელმძღვანელოს კონცეფცია ორ უმთავრეს პრინციპს – ჯგუფის ერთობასა და კვლევა-აღმოჩენას — ეფუძნება. კურიკულუმის ჰოლისტური მიდგომა უზრუნველყოფს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს თანაბარ პრიორიტეტულობას, რაც მყარ საფუძველს უქმნის მათ მომავალ აკადემიურ და პიროვნულ წარმატებას.

განახლებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს გამოყენება შესაძლებელია როგორც ადრეული განათლების დაწესებულებებში, ასევე – სასკოლო მზაობის ჯგუფებში. განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამა, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მათ შორის სოციალური, ემოციური, მოტორული და კვლევის უნარების განვითარებას, ასევე, ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით უნარებთან ერთად  სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროგრამა ითვალისწინებს კეთებით სწავლას და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს.

სახელმძღვანელო განსაკუთრებით ღირებულია თავისი პრაქტიკული რესურსებით, რაც მოიცავს: სასწავლო გეგმების განახლებულ ნიმუშებს, რეალურ პრაქტიკულ სცენარებს, საბავშვო ბაღებში გადაღებულ ვიდეომასალას საუკეთესო პრაქტიკის საილუსტრაციოდ.

სახელმძღვანელოზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო, ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პერსონალთან, კურიკულუმის ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ტრენერებთან, მშობლებთან და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციულ პერსონალთან.

პროექტის წარმატებით დანერგვაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განათლების ექსპერტებს. მათი ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიბეჭდა განახლებული კურიკულუმის 300 ქართულენოვანი ეგზემპლარი, რომლებიც უკვე დაეგზავნა ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების ყველა გაერთიანებას.

ადრეული განათლების კურიკულუმი – „თამაში“ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და განათლების E სახლის (მასწავლებლის სახლი) ვებგვერდებზე.

I2Q პროექტის ფარგლებში განახლებული კურიკულუმი ასევე ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელთა ბეჭდვაც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.