CIF-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „InnovaVet“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა
კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet), დასკვნითი კონფერენცია წარმატებით გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში ვეტერინარიის დარგის გაძლიერებისკენ.
კონფერენცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, უნივერსიტეტების რექტორატის წარმომადგენლებისა და ფონდის ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს პროექტის წარმატებასა და ვეტერინარიის სფეროს განვითარების საქმეში.
პროექტის სამუშაო ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო InnovaVet-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები, რაც მოიცავს როგორც სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციას, ასევე სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას.
კონფერენციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო რამდენიმე საინტერესო და აქტუალური თემატური მოხსენება, რომლებიც ვეტერინარული განათლების ხარისხის უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული: მათ შორის, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა წარმოადგინა ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ანალიზი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ყურადღება გაამახვილა ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიული კომპეტენციების საკითხებსა და მათ მნიშვნელობაზე პრაქტიკული მუშაობისთვის. ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანმა განიხილა კლინიკური უნარების შეფასების მეთოდის (OSCE/OSPE) ჩატარების წესის მოდერნიზების აუცილებლობა და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა კი დეტალურად ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზების პროცესსა და ამ ცვლილებების შედეგად მიღწეულ წარმატებებზე.
ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა ვეტერინარიის სფეროს აკადემიური წრეებისთვის, დარგის ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვეტერინარული განათლების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განვითარებასა და გაუმჯობესებაში. პროექტი „InnovaVet“ კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით ეფექტური პარტნიორობისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით.

