• ქართული
  • English

სიახლეები

CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის – დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 8 დეკემბერს გაიმართა I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის – „CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ – შემაჯამებელი შეხვედრა, რომელსაც CIF-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში. პროგრამას ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის შემადგენლობით. ახალი სამაგისტრო პროგრამის უმთავრესი მიზანია საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კიბერსპეციალისტების მომზადება.

პროექტის გუნდის წევრმა დამსწრეებს დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ პროგრამის კურიკულუმის შემუშავების პროცესი განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობდა. მსგავსი პროგრამების შესწავლა და აქტუალური საკითხების გათვალისწინება იყო საფუძველი, რამაც უზრუნველყო პროგრამის  შესაბამისობა უახლეს გამოწვევებთან. ასევე, აღინიშნა, რომ პროგრამის მომზადებისას დაცული იყო ABET-ის პრინციპები (საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები), რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ამჟამად სამაგისტრო პროგრამის სააკრედიტაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრშია შეტანილი.

პროგრამის უნიკალურობას განაპირობებს ორივე უნივერსიტეტის ჩართულობა განხორციელების პროცესში. მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად, სტუდენტს გადაეცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, რომელსაც თითოეული უნივერსიტეტი გადასცემს ცალ-ცალკე, შესაბამისად, სტუდენტს გადაეცემა 2 (ორი) დიპლომი. კურიკულუმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ინდუსტრიის წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები მზად იქნებიან რეალური სამუშაო გამოწვევებისთვის. სწავლების მეთოდოლოგიური ჩარჩო ორიენტირებულია კვლევაზე, პროექტებზე და პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებაზე, რაც ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უწყობს ხელს. პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობდნენ ისეთი საერთაშორისო პარტნიორები, როგორებიც არიან აშშ-ის ადელფაის და ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტები.

საგრანტო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში. სტუ-ს მე-9 კორპუსში მოეწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტების დიდმონაცემთა დამუშავების, კიბერუსაფრთხოების კვლევითი და სასწავლო ლაბორატორია ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მძლავრი კომპიუტერებით, სერვერით და სხვა დამხმარე ტექნიკით. ეს ლაბორატორია გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ კიბერუსაფრთხოების კვლევებშიც. გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამის საჭიროებებისთვის შეძენილ იქნა ახალი სახელმძღვანელოები და წვდომა მნიშვნელოვან ბაზებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური პერსონალის გაძლიერებას. ჩატარდა მასტერკლასები და ტრენინგები, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები, კიბერუსაფრთხოების სფეროში აღიარებული პროფესიონალები უძღვებოდნენ. ეს ხელს შეუწყობს როგორც დარგობრივი, ისე საგანმანათლებლო-პედაგოგიური კომპეტენციების განვითარებას.

ასევე, პროექტში ჩართულმა მხარეებმა განახორციელეს რეგიონული ინიციატივები ცოდნის გავრცელების მიზნით: ჩატარდა ვორქშოფების სერია – „კიბერუსაფრთხოება – უსაფრთხო მომავალი“ – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლე გოგონებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საქართველოში.

პროექტი „CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის“ და მის ფარგლებში შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ეყრდნობა წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების, მათ შორის აშშ-ის ადელფაის უნივერსიტეტის გამოცდილებას (რომელიც ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია), ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც უპასუხებს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ძლიერი პროფესიონალების მომზადებას.