• ქართული
  • English

სიახლეები

ბორჯომის №1 საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე გაიხსნა

ბორჯომის №1 საჯარო სკოლაში 26 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა STEAM ინოვაციური სივრცე, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედებითი პროექტები და თანამედროვე სასწავლო რესურსების დემონსტრირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები თავისუფლად ფლობენ იმ მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, რომელიც მათ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და I2Q პროექტის ფარგლებში გადაეცათ.

ახალი ინოვაციური სივრცე ყველა საფეხურის მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია და საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნის საშუალებას იძლევა. მოსწავლეები აქტიურად იყენებენ Arduino-სა და Raspberry Pi-ს პროგრამირების ნაკრებებს, ასევე 3D პრინტერებს სხვადასხვა ნივთების მოდელირებისა და ბეჭდვისთვის. ამ პროცესს კოორდინაციას უწევენ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, რომლებიც ბავშვებისთვის მთავარ მენტორებსა და გულშემტკივრებს წარმოადგენენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა სულ რაღაც სამი თვის ვადაში შეძლეს STEAM პროექტის მომზადება ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო 2025“ დავალების მიხედვით. პროგრამაში ჩართული მასწავლებლები და ბავშვები აღნიშნავენ, რომ პროექტების დაგეგმვასა და რეალიზებაში მათ დიდწილად დაეხმარათ საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ჯეფრი ნოვაკის ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. სკოლის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაბიჯები გაუბედავი იყო, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი ძალისხმევით შეუძლებელი შეძლეს.

ღონისძიებას ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სხვა სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა STEAM საგნების სწავლების მნიშვნელობას 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად და აღნიშნა, რომ ეს სივრცე რეგიონის სხვა სკოლებისთვისაც შესანიშნავი შესაძლებლობაა, მით უმეტეს, რომ მსგავსი ლაბორატორიით უკვე აღჭურვილია ბორჯომის №6 საჯარო სკოლა.

I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს მიმართა, რომ ყოველთვის იფიქრონ პროექტების რეალურ ცხოვრებასთან კავშირზე. ბორჯომის №1 საჯარო სკოლა რიგით მე-13 სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ ფარგლებში სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და STEAM საგანმანათლებლო რესურსებით.