ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – „განათლებისა და მეცნიერების მართვა და ადმინისტრირება“ – სეზონური სადოქტორო სკოლა ჩატარდა
I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავებული, ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – „განათლებისა და მეცნიერების მართვა და ადმინისტრირება“ – ფარგლებში, ზამთრის სეზონური სკოლა ჩატარდა (8-17 იანვარი, 2026). სეზონური სკოლა მიზნად ისახავდა აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობასა და დოქტორანტების კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას.
სადოქტორო სეზონური სკოლა მოიცავდა სტრუქტურირებულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, რომლებსაც უძღვებოდნენ ექვსი სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელი 12 ადგილობრივი და ევროპელი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორი და მკვლევარი. პროგრამის კოორდინაციასა და სწავლებაში მონაწილეობდნენ მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის, მილანის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ათენის ეროვნული და კაპოდისტრიის უნივერსიტეტისა (NKUA) და იოანინას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
დოქტორანტთა ჩართულობა უზრუნველყოფილი იყო პრაქტიკული სწავლების მიდგომით: ყოველი ვორქშოფის დასასრულს მონაწილეები ამზადებდნენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ პრეზენტაციებს, რაც ახლად შეძენილი უნარების სტრუქტურირებულ რეფლექსიასა და დაუყოვნებლივ გამოყენებას ემსახურებოდა. დოქტორანტებმა ასევე წარადგინეს მათი კვლევის თემატიკა და მიმდინარე პროგრესი, მიიღეს სისტემური უკუკავშირი და შესაბამისი მითითებები მომავალი სემესტრის დაგეგმვისა და ხელმძღვანელებთან მუშაობის კოორდინაციისთვის.
პროგრამა დასრულდა 16-17 იანვარს გამართული ოფიციალური ინსტიტუციური სესიებით, რომლებსაც ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, I2Q პროექტის, CIF-ის, NCEQE-ს, თსუ-სა და NKUA-ს წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დოქტორანტებმა წარადგინეს მათი კვლევითი წინადადებები (პროსპექტუსები). ასევე, გაიმართა სხვადასხვა თემაზე აკადემიური დისკუსია, რამაც გააძლიერა ინსტიტუციური დიალოგი და ხელი შეუწყო პროგრამის შემდგომ სტრატეგიულ განვითარებას.

