„მომავლის საქართველო 2025“: STEAM კონკურსის ონლაინ კონფერენცია გაიმართა
20 თებერვალს, STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის — „მომავლის საქართველო 2025“ — ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. საკონკურსო პროექტები იმ 12 საპილოტე სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, რომლებიც STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობებში შედარებით გვიან ეტაპზე ჩაერთნენ.
პრეზენტაციებისას მოსწავლეებმა მომავლის ინოვაციური ხედვები და ის პრაქტიკული უნარები წარმოაჩინეს, რომლებიც პროექტზე მუშაობის პროცესში შეიძინეს. მათ ნათლად აჩვენეს შემოქმედებითი გზა იდეის გენერირებიდან მზა, დასრულებულ პროდუქტამდე.
ეროვნული კონკურსის „მომავლის საქართველო“ საკონკურსო თემები საფეხურების მიხედვით განსხვვდებოდა – დაწყებითი საფეხური: საუკეთესო სათამაშო მოედნის პროექტი; საბაზო საფეხური: ეპიკური სკოლის პროექტი; საშუალო საფეხური: მომავლის ქალაქის პროექტი. თითოეულმა სკოლამ, პროექტის მოსამზადებლად, I2Q პროექტისგან 500-ლარიანი დაფინანსება მიიღო.
ონლაინ კონფერენციას, I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ერთად, ესწრებოდა საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი. მან თითოეულ მონაწილე გუნდს დეტალური უკუკავშირი გაუზიარა, რაც სკოლებისთვის განვითარების დამატებითი შესაძლებლობა გახდა. კონფერენციაში მონაწილე ყველა სკოლა სერტიფიკატებით დაჯილდოვდება.
კონკურსის მიზანი, STEAM საგნების მიმართ ინტერესის გაძლიერებასთან ერთად, I2Q პროექტის ფარგლებში დანერგილი ექსტრაკურიკულური პროგრამის შედეგების წარმოჩენა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო.
აღნიშნული აქტივობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, პროექტის — „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q)“ — ფარგლებში განხორციელდა. 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში სკოლებს მხარდაჭერასა და კონსულტაციებს საერთაშორისო კონსორციუმის, IBF Expertise S.A.-ის ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევდა.

