• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა საზედამხედველო ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

10 თებერვალს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ექსპერტთა ვიზიტის ფარგლებში, საზედამხედველო ჯგუფის წევრებთან დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა, თამარ ჭყონიამ გახსნა, რომელმაც მონაწილეებს ღონისძიების მიზნობრიობა და დღის წესრიგი დეტალურად გააცნო.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის ექსპერტებმა, პროფესორებმა ნენსი ფრაიმ და ჯეიმს მარშალმა, აუდიტორიას შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს. პრეზენტაციაში გაანალიზდა I2Q პროექტის ფარგლებში არსებული 43-თვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და პროგრამების ხარისხის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

საერთაშორისო ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ დამატებით აქტივობებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ვალდებულებების მიღმა განხორციელდა და პროექტის ეფექტიანობა გაზარდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: განახლებული კურიკულუმი „თამაში“, რომელიც ორ უმთავრეს პრინციპს – ჯგუფის ერთობასა და კვლევა-აღმოჩენას — ეფუძნება და თანამშრომლობის საბოლოო ანგარიში, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაოს ანალიზსა და სტრატეგიულ რეკომენდაციებს შემუშავებული მექანიზმების ქვეყნის მასშტაბით დასანერგად.

შეხვედრის დასასრულს, საერთაშორისო ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მხარდაჭერისა და პროდუქტიული პარტნიორობისთვის. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღწეული პროგრესი ყველა ჩართული მხარის კოორდინირებული და აქტიური მუშაობის შედეგია. მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალში კვლავაც აქტიურად ჩაერთონ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.