I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სასკოლო მზაობის ახალი ჯგუფები ამოქმედდება
ზუგდიდის, ქუთაისის, ზესტაფონის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხუთ საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტის (I2Q) ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტის ფარგლებში, გასულ კვირას სამუშაო ვიზიტები განხორციელდა შერჩეულ სკოლებში. კომპონენტის ხელმძღვანელმა პირადად მოინახულა მომზადებული სივრცეები და სკოლებს შესაბამისი ინვენტარი გადასცა.
სასკოლო მზაობის პროგრამა შემდეგ სკოლებში განხორციელდება:
- ზესტაფონი: №6 და რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლები;
- ზუგდიდი: №10 საჯარო სკოლა;
- ქუთაისი: №13 საჯარო სკოლა;
- მარნეული: სოფელ პირველი ქესალოს საჯარო სკოლა.
ჯგუფები განკუთვნილია 5-6 წლის და 6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის, თითოეული მათგანი 15 აღსაზრდელის მიღებას ითვალისწინებს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილიდან გამოცხადდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან.
„მარნეულის მუნიციპალიტეტში მოთხოვნა დიდია, ამიტომ მოხარულები ვართ ახალი ჯგუფის დამატებით. პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვები, რომლებიც სასკოლო მზაობის პროგრამას გადიან, სკოლისთვის სათანადოდ არიან მომზადებულნი და ყველა საჭირო უნარს ფლობენ“, — აღნიშნა მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ზაურ კარამოვმა.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ზოია ლელაძე – ა(ა)იპ ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი და ლელა გრიგოლაია – ა(ა)იპ ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი.
განახლებული პროგრამა ორიენტირებულია ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე. იგი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ, ემოციურ, მოტორულ და კვლევით უნარებს. სწავლება ეფუძნება „კეთებით სწავლის“ პრინციპს, რაც ბავშვის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს.
I2Q პროექტის ფარგლებში, სასკოლო მზაობის პროგრამის პილოტირება საქართველოს მასშტაბით უკვე 150 სკოლაში იქნება ხელმისაწვდომი. სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერითა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ექსპერტული ჩართულობით წარიმართა.

