• ქართული
  • English

CIF – კითხვები/პასუხები

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასმული კითხვები და პასუხები

– სად შეიძლება ვიხილოთ CIF საგრანტო კონკურსის შესახებ არსებული საინფორმაციო დოკუმენტები?
– კონკურსის შესახებ სრული ინფორმაციის ხილვასა და აპლიკაციის შექმნა/გაგზავნას შეძლებთ შემდეგ მისამართზე: www.grants.gov.ge. ასევე, კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავთ პროექტის – “ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q”, ვებგვერდზე: www.iiq.gov.ge.

 

– შესაძლებელია თუ არა პარტნიორი უსდ-იდან ჩართული პერსონალის სახელფასო ანაზღაურება გრანტის ფარგლებში? ამასთან, რამდენად შეგვიძლია უცხოელი პარტნიორების სახელფასო ხარჯების გათვალისწინება?

– გაცნობებთ, რომ პროექტის გუნდის შემადგელობა, თანამდებობის დასახელებები და ვინაობა შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. შესაბამისად, პირობითად, შესაძლებელია, რომ პროექტის გუნდში დასაქმებული იყოს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელიც. ამასთან, თუ პროექტის გუნდში დაასაქმებთ პარტნიორი უცხო ქვეყნის დაწესებულების თანამშრომელს (კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებითა და ხელფასისათვის დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში), ეს არ ჩაითვლება იმ დათქმის დარღვევად, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული დაწესებულება.

 

– გრანტის მიღების შემთხვევაში, პარტნიორი უცხოური უსდ-დან პროექტის გუნდში დასაქმებული პირისთვის გაწეული სამუშაოებისათვის ანაზღაურების გადარიცხვა მათივე ინსტიტუციის ანგარიშზე მოხდება თუ მათ პირად საბანკო ანგარიშებზე?

– პროექტის ფარგლებში თანხა ჩაირიცხება მხოლოდ კონსორციუმის ხელმძღვანელი სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. რაც შეეხება თანხის შემდგომი ათვისების გზებს, ეს განსაზღვრული იქნება პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის მოლაპარაკების შედეგად.

 

– გთხოვთ განგვიმარტოთ, სად შეიძლება ვნახოთ პროექტის განხორციელების გეგმა (ექსელის ცხრილი).

– განხორციელების გეგმის შაბლონი არ არსებობს; შესაბამისად, ექსელის ცხრილის სახით, გეგმა თავად უნდა შექმნათ და ექსელის ფორმატითვე წარმოადგინოთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განხორციელების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს პროექტის შედეგებისა და მონიტორინგის გეგმას, რომლის ფორმაც განთავსებულია გრანტების პორტალზე.
პროექტის განხორციელების გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს, აგრეთვე, რისკების ანალიზი და შეთავაზებული იყოს მოსალოდნელი რისკების დაძლევის გზები.

 

სად უნდა აიტვირთოს საკონკურსო განაცხადი?

– საკონკურსო განაცხადი უნდა აიტვირთოს პორტალზე: www.grants.gov.ge.

 

 – რამდენად მისაღებია რომელიმე ორგანიზაციასთან ადრე გაფორმებული მემორანდუმის წარმოდგენა, თუ მემორანდუმი არის ზოგადი ხასიათის და მისი მოქმედების ვადა არ აქვს გასული?

– საგრანტო კონკურსისათვის წარმოსადგენი მემორანდუმის დანიშნულებაა კონკრეტული საგრანტო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საჭირო პარტნიორობის დემონსტრირება. შესაბამისად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აუცილებელია ადასტურებდეს CIF-ის საგრანტო კონკურსის მიზნებისათვის (პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად) თანამშრომლობის მზაობასა და მიზნობრიობას.

  

აუცილებელია თუ არა, კონსორციუმის წევრი იყოს კერძო უმაღლესი სასწავლებელი?

– კონსორციუმის შექმნის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონსორციუმის წევრად განსაზღვრა. კონსორციუმის სახელით საგრანტო განაცხადის წარმოსადგენად, აუცილებელია, რომ კონსორციუმი შეიქმნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობით და მასში ერთიანდებოდეს მინიმ ერთი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (საჯარო ან კერძო).

 

 – საზოგადოების ჩართულობის გეგმის განვითარება ყველა პროექტისთვის რელევანტურია?

– საზოგადოების ჩართულობის გეგმა სავალდებულოა ყველა პროექტისთვის.

 

შეუძლია თუ არა ერთ დაწესებულებას ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა და ერთზე მეტი გრანტის მიღება?

– დიახ, შესაძლებელია. ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე საგრანტო განაცხადი. ამასთან, CIF ითვალისწინებს, რომ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლებელი იქნება რამდენიმე გრანტის მიღება, თუმცა თითოეული გრანტი ისე უნდა იყოს სტრუქტურირებული, რომ გააჩნდეს ნათელი და კონკრეტული კავშირი დაწესებულების სტრატეგიულ მიზნებთან, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმით იკვეთება, ხოლო კონსორციუმის შემთხვევაში, კონსორციუმი უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ ქმნიდეს დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო უნარებისა და რესურსების ერთობლიობას. 

 

ვინ იგულისხმებიან მენეჯერსა და ადმინისტრაციულ პერსონალში? რამდენი მენეჯერი შეიძლება ჰყავდეს პროექტს?

აპლიკანტებს უფლება აქვთ, რომ თავად განსაზღვრონ პროექტის გუნდის შემადგენლობა, როგორც პოზიციების დასახელებები, ასევე შესაბამისი ფუნქცია-მოვალეოებები.

 

საერთაშორისო აკრედიტაციის მიზნებისთვის, საჭირო არის თუ არა კონკრეტულ საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება?

 აკრედიტაციის გამცემ სააგენტოსთან გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულების წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

 

ქართულ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმიც ორივე ენაზე უნდა წარმოვადგინოთ

– დიახ, მემორანდუმის წარმოდგენა ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება ორივე ენაზე (ქართულ/ინგლისურად).

 

მოიცავს თუ არა ტრენინგის ხარჯი პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტის მიერ ტრენინგის ჩატარებას ქართული უნივერსიტეტის პერსონალისთვის?

– დიახ, ტრენინგისათვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებულია საგრანტო დაფინანსებისათვის „დასაშვები ხარჯების“ კატეგორიაში. შესაბამისად, ეს ხარჯები უნდა აისახოს პროექტის ბიუჯეტში.

 

შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალურად პროექტის გაგზავნა/კონკურსში მონაწილეობის მიღება?

 კონკურსში მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურად შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი), რომელიც მის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე დაყრდნობით განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებს შემდგომი განვითარებისა და ინოვაციების კუთხით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პროექტის მთავარი ბენეფიციარი იქნება.

 

 გთხოვთ განგვიმარტოთ, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს  თუ არა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, სწავლის სფეროების კლასიფიკატორით მოცემული მისანიჭებელი კვალიფიკაციები?

– წარმოდგენილი პროექტის შინაარსობრივი შეფასების ეტაპზე, დამოუკიდებელი ექსპერტები  მხედველობაში მიიღებენ მოქმედ სტანდარტებსა და კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე არსებული რეგულაციების დაცვა. შინაარსობრივ ნაწილში, დამატებითი კონსულტაციებისათვის, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტს და/ან სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

 

შეგიძლიათ, თუ არა გადახედოთ ჩვენ მიერ სხვა პარტნიორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას/თანამშრომლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და განგვიმარტოთ, თუ არის შესაძლებელი, რომ ეს დოკუმენტი ჩაითვალოს კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენ მემორანდუმად?

– CIF-ის ადმინისტრირების ერთეული კონსულტაციებს გასწევს ტექნიკური მიმართულებით, შესაბამისად ადმინისტრირების ერთეულის მიერ ვერ მოხდება საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის წინასწარი ანალიზი და შეფასება. ზოგადი მიდგომის სახით, მნიშვნელოვანია, რომ საგრანტო კონკურსისათვის წარმოსადგენი დოკუმენტი – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ადასტურებდეს უშუალოდ  CIF-ის საგრანტო კონკურსის მიზნებისათვის (პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად) თანამშრომლობის მზაობასა და მიზნობრიობას. ზოგადი ხასიათის მემორანდუმი ან სხვა პროექტის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა/ხელშეკრულება, რაც უშუალოდ CIF-ის საგრანტო კონკურსის მიზნებისათვის პარტნიორობის დემონსტრირებას ვერ მოახდენს  და კონკრეტული პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღწერას არ გაითვალისწინებს, ვერ შეასრულებს წარმოსადგენი მემორანდუმის ფუნქციას და ადეკვატურად შეფასდება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ შეფასების პროცესის მიმდინარეობისას. ამასთან, ცხადია, ნებისმიერი სახის თანამშრომლობის ასახვა/აღწერა შეგიძლიათ საგრანტო წინადადების ნარატიულ ნაწილში, რაც მისი შინაარსის გათვალისწინებით შემოთავაზებულ პროექტზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

 

– პროექტის ბიუჯეტი ლარში უნდა გაიწეროს თუ დოლარში? რა კურსით უნდა მოხდეს $110 000 კონვერტაცია ლარში, რომ შესაბამისად მომზადდეს ბიუჯეტი?

–  გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთი აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ერთი საგრანტო წინადადებისათვის განსაზღვრულია არაუმეტეს 110 000 (ას ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ხოლო კონსორციუმის შემთხვევაში – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. ორივე შემთხვევაში კონვერტაცია მოხდება საგრანტო წინადადების წარმოდგენის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შესაბამისად, ბიუჯეტი უნდა მომზადდეს ეროვნულ ვალუტაში – ლარში. კონვერტაციისთვის ეროვნული ბანკის კურსით უნდა იხელმძღვანელოთ.


– მაქვს თუ არა უფლება, კონსორციუმის მიღმა, საგრანტო პროექტის განხორციელებაში უცხოელი პროფესორი ჩავრთო?

მოგახსენებთ, რომ კონსორციუმს მიღმაც შესაძლებელია პარტნიორობის დემონსტრირება სხვა უსდ-ებთან და დაწესებულებებთან. ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლობის ფორმა იქნება არა „კონსორციუმი“ არამედ – „პარტნიორობა”, რომლის დემონსტრირებაც სავალდებულოა საგრანტო განაცხადის წარმოდგენისას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სახის პარტნიორობის დემონსტრირება (კონსორციუმის მიღმაც), საჭიროებს დადასტურებას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით. სხვა შემთხვევაში, თუ პროექტის განხორციელების პერიოდში გეგმავთ ისარგებლოთ რომელიმე ინდივიდის (ფიზიკური პირის), მაგალითად, უცხოელი პროფესორის მომსახურებით (ლექციის ან ტრენინგის ჩატარება, ან სხვა მსგავსი მომსახურება), ეს არ იქნება „პარტნიორობა“, არამედ აისახება პროექტის განხორციელების გეგმაში, ხოლო შესაბამისი მომსახურების საფასური – პროექტის ბიუჯეტში.


– პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ შემდეგი სახის თანამშრომლობას ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც უმასპინძლებს ჩვენი უსდ-ს აკადემიურ პერსონალს და ჩაატარებს 2-3-დღიან ტრენინგებს. შემდგომ დაგეგმილია ამ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთჯერადი ვიზიტი ჩვენს უსდ-ში მონიტორინგისა და ვორქშოფის ჩასატარებლად.

ზემოთ აღწერილ უნივერსიტეტთან პროექტში თანამშრომლობა ჩაითვლება თუ არა კონსორციუმად? შესაძლებელია თუ არა ამ თანამშრომლობას ვუწოდოთ პარტნიორობა? თუ კი, მაშინ რა დოკუმენტს აწერენ პარტნიორები ხელს?

მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი საგრანტო განცხადებები უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს კონსორციუმის სახით ან კონსორციუმის მიღმა თანამშრომლობით. ამასთან, კონსორციუმი უნდა დაკომპლექტდეს იმგვარად, რომ ქმნიდეს პროექტით დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო უნარებისა და რესურსების ერთობლიობას. შესაბამისად, პარტნიორობისთვის შესაბამისი ფორმის მისანიჭებლად უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული რეგულაცია. გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სახის პარტნიორობის დემონსტრირება საჭიროებს დადასტურებას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით. მემორანდუმის დანიშნულებაა კონკრეტული საგრანტო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საჭირო პარტნიორობის დემონსტრირება. შესაბამისად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აუცილებელია ადასტურებდეს CIF-ის საგრანტო კონკურსის მიზნებისათვის (პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად) თანამშრომლობის მზაობასა და მიზნობრიობას. აქვე შეგახსენებთ, რომ კონსორციუმის სახით პარტნიორობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გრანტების პორტალზე განთავსებული მემორანდუმის შევსებული ფორმა, ხოლო კონსორციუმის მიღმა პარტნიორობისას – თქვენი და პარტნიორის მიერ შეთანხმებული ფორმით. ამასთან, ნებისმიერი სახის პარტნიორობის დემონსტრირებისას მემორანდუმი წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე.


– საჭიროა თუ არა პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული პირების CV დაერთოს წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას?

როგორც მოგეხსენებათ, წინადადების შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს გუნდის შემადგენლობა. შესაბამისად, თქვენ მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს გუნდის ყველა იმ წევრის ავტობიოგრაფია (CV), რომლებსაც ძირითადი როლი აქვთ პროექტის განხორციელებაში და რომლთა ფუნქცია-მოვალეობების მკაფიოდ გაწერილია. ამასთან, წარმოდგენილი CV-ები უნდა გამოკვეთდეს პირის უნარებსა და გამოცდილებას, რაც შეესაბამება პროექტის ფარგლებში მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, თუ პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულ პირებს ექნებათ შესაბამისი როლი, მაშინ საგრანტო განაცხადს უნდა დაერთოს მათი CV-ები. აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტის გუნდის წევრების CV-ის ფორმა განთავსებულია გრანტების პორტალზე და წარმოდგენილი უნდა იქნას ამ ფორმით – ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

– რომელი დოკუმენტით/სტანდარტით ვხელმძღვანელობთ ევროკავშირის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემური პერსონალის ჰონორარის, საქართველოში მგზავრობის, დღიური ხარჯების და სხვა ხარჯების ბიუჯეტში შესატანად? რომელი დოკუმენტით/ტარიფებით ვხელმძღვანელობთ პროექტში დასაქმებული ადგილობრივი აკად. პერსონალის ხელფასების, დღიური ხარჯების, მგზავრობის და სხვა ხარჯების ბიუჯეტში დასათვლელად?

– გაცნობებთ, რომ „კონკურენტული ინოვაციის ფონდის მართვის სახელმძღვანელოს“ მიხედვით, სათანადო ხარჯს განეკუთვნება საოპერაციო (მაქს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 2%-მდე) და ადმინისტრაციული ხარჯები, გრანტის ხელფასების ჩათვლით (ჯამში მაქს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 10%-მდე, ხოლო ერთ პირზე გასაცემი ხელფასის ნაწილში – ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაქსიმუმ სამჯერად ოდენობამდე). გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასის თაობაზე ინფორმაციის სტატისტიკას აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და აქვეყნებს მის ვებგვერდზე – www.geostat.ge, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილების თანახმად. შესაბამისად, საშუალო ხელფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქსტატის მონაცემები. რაც შეეხება მგზავრობის, დღიური და სხვა მსგავსი ხარჯების დაანგარიშებას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საგრანტო პროექტების განხორციელება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახო კოდექსის და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად.

 

– დაზუსტების სახით, პროექტში ჩართული საქართველოს და უცხოური პარტნიორების ხელფასებისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ვხელმძღვანელობთ?

– როგორც მოგეხსენებათ, „კონკურენტული ინოვაციის ფონდის მართვის სახელმძღვანელოს“ მიხედვით, გრანტის ფარგლებში სათანადო ხარჯს განეკუთვნება საოპერაციო (მაქს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 2%-მდე) და ადმინისტრაციული ხარჯები, გრანტის ხელფასების ჩათვლით (ჯამში მაქს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 10%-მდე, ხოლო ერთ პირზე გასაცემი ხელფასის ნაწილში – ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაქსიმუმ სამჯერად ოდენობამდე). აღნიშნული რეგულაცია არ იძლევა დიფერენციაციის შესაძლებლობას პირის ეროვნების მიხედვით. შესაბამისად, გრანტის ფარგლებში გუნდის ერთ წევრზე (როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე) გასაცემი ხელფასის ნაწილში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

 

– გთხოვთ, განგვიმარტოთ ბიუჯეტის დ. კატეგორიაში – საოპერაციო (მაქს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 2%-მდე) და ადმინისტრაციული ხარჯები, გრანტის ხელფასების ჩათვლით (ჯამში მაქს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 10%-მდე, ხოლო ერთ პირზე გასაცემი ხელფასის ნაწილში – ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაქსიმუმ სამჯერად ოდენობამდე) – ამ მუხლში საოპერაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებში რა იგულისხმება?

– 
„საოპერაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებში” იგულისხმება პროექტის ყოველდღიური ოპერირებისთვის აუცილებელი ხარჯები. მაგალითად, სახელფასო ხარჯები, რომლის ჩაშლის მაგალითი ასახულია ბიუჯეტის ფორმაში. ასევე, შესაძლოა კომუნიკაციის ხარჯებისა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მსგავსი ხარჯების გათვალისწინება. კონკრეტული საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების განსაზღვრა უნდა მოხდეს უშუალოდ საგრანტო პროექტის წარმდგენის მიერ. შესაბამისად, ბიუჯეტი უნდა შემუშავდეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან კონკრეტული პროექტის საჭიროებების მიხედვით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აგრეთვე, არასათანადო ხარჯების ჩამონათვალი, რომლებიც არ იფარება გრანტის ფარგლებში და განსაზღვრულია CIF-ის მართვის სახელმძღვანელოში.

 

– პროექტის ფარგლებში დოქტორის შემდგომ მკვლევარად ვინ ითვლება მაგ. ვისაც დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 7 წელი არ აქვს გასული თუ სხვ.

– ბიუჯეტში მაგალითისთვისაა ჩაშლილი ფუნქციები (მენეჯერი, მკვლევარი, ა.შ.), სტაფის შემადგენლობას კონკრეტული პროექტის ფარგლებში თავად განსაზღვრავთ და ანიჭებთ შესაბამის ფუნქცია-მოვალეობას.

 

– პროექტის სახელწოდება უნდა იყოს მაქსიმალურად ვიწრო თუ ზოგადი?

– პროექტის სახელწოდების განსაზღვრა წარმოადგენს საგრანტო პროექტის ავტორის დისკრეციას, შესაბამისად, წარმოდგენილი საგრანტო წინადადების სპეციფიკის გათვალისწინებით დაწესებულება თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელწოდების დავიწროვების დონის შესახებ.

 

– 18 თვის განმავლობაში (3X6=18) ხარჯების დაბალანსენულად განაწილება ვერ მოხდება ძვირადღირებული აპარატურის შემთხვევაში და რაიმე შეზღუდვა ხომ არაა ამ კუთხით?

– გაცნობებთ, რომ 18 თვე არის საგრანტო პროექტების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა, შესაბამისად, არ არის სავალდებულო, რომ ყველა პროექტი წარმოდგენილი იყოს მაქსიმალური ხანგრძლივობით. თქვენ შეგიძლიათ, 1-იდან 18 თვემდე, ნებისმიერი ვადა განსაზღვროთ თქვენი პროექტის ხანგრძლივობად, უშუალოდ ამ პროექტის სპეფიციკიდან და განხორციელების გეგმიდან გამომდინარე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთი აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი ერთი საგრანტო წინადადებისათვის განსაზღვრულია არაუმეტეს 110 000 (ას ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ხოლო კონსორციუმის შემთხვევაში – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში; ხოლო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის პირველი ნაწილი – პირველი ტრანში არ უნდა აღემატებოდეს სრული საგრანტო დაფინანსების 90%-ს. შესაბამისად, დანადგარების შეძენის ხარჯების 18 თვეზე დაბალანსებულად გადანაწილება არ არის სავალდებულო და შესაძლებელია მიღებული სრული საგრანტო დაფინანსების 90%-ის მიღება პირველივე ტრანშის ფარგლებში.

 

– პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია თუ არა 3%-იანი თანადაფინანსების მიღება პარტნიორი (მაგ., კერძო სექტორის წარმომადგენელი) ორგანიზაციისაგან?

– დიახ, აღნიშნული თანადაფინანსების მიღება შეიძლება მოხდეს პარტნიორი ორგანიზაციის მიერაც.

 

– თუ პროექტს არ ჰყავს კონსორციუმის წევრი, ეს პროექტის უარყოფითი მხარეა და ამაში შესაძლოა ქულა დააკლდეს?

– თუ პროექტს არ ჰყავს კონსორციუმის წევრი და აპლიკანტს განაცხადი ინდივიდუალურად შემოაქვს, ეს პროექტის ნაკლოვანებად არ ჩაითვლება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადები კონსორციუმს მიღმაც უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას, ინდივიდუალურად წარმოდგენილი პროექტიც უნდა გულისხმობდეს რაიმე სახის თანამშრომლობას/პარტნიორობას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა თუ ორგანიზაციასთან. ამავდროულად, ნებისმიერი სახის პარტნიორობა დადასტურებული უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. ასევე, შეფასების მე-2 კრიტერიუმის – პარტნიორობის ხარისხის – წარმატებით დაკმაყოფილებისათვის, საპროექტო განაცხადში დეტალურად უნდა იყოს განმარტებული თანამშრომლობის შექმნის მიზნები და პროექტთან შესაბამისობა.

– გთხოვთ განმარტოთ, ვინ ითვლება პროექტში მონაწილე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალად?

პროექტის ადმინისტრაციულ პერსონალში იგულისხმება პროექტის წარმატებული ადმინისტრირებისთვის საჭირო პერსონალის ჩამონათვალი (მაგალითად, პროექტის მენეჯერი და ა.შ.), ხოლო ტექნიკურ პერსონალში იგულისხმება პროექტის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტები. გასათვალისწინებელია, რომ უშუალოდ პროექტის სპეციფიკის, მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს პროექტის მართვისა და განხორციელებისათვის საჭირო პერსონალის ჩამონათვალსა და თანამდებობის დასახელებებს.

 

– შესაძლებელია თუ არა საგრანტო პროექტში მაგისტრატურის სტუდენტის ჩართვა?

– მაგისტრატურის სტუდენტის პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.

 

–  შესაძლებელია, რომ თანამშრომლობით შეხვედრაზე მოწვეულ იქნას უცხოელი პროფესორი, თუ მის უნივერსიტეტთან მემორანდუმი არაა გაფორმებული?

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე შეგიძლიათ მოიწვიოთ უცხოელი პროფესორი იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამის უნივერსიტეტთან არ გაქვთ მემორანდუმი. შესაბამისად, ამ პირის სტატუსი და როლი უნდა განისაზღვროს პროექტის შინაარსის ნარატიულ ნაწილში, ხოლო მის მიერ განსახორციელებელი საკონსულტაციო მომსახურების განფასება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) აისახება პროექტის ბიუჯეტში.

 

– დანართი 4-ში არსებული ჩანაწერი: „ალტერნატიული ბიუჯეტის სტრუქტურა“, გულისხმობს თუ არა შემოთავაზებული ბიუჯეტის ფორმისაგან განსხვავებული სტრუქტურას?

მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჩანაწერში არ იგულისხმება ბიუჯეტის სრულიად სხვა ფორმის წარმოდგენის შესაძლებლობა. თუმცა, შეგიძლიათ ამ ბიუჯეტის ფორმიდან რაიმე განყოფილების ამოკლების ან ჩამატების შემთხვევაში, შეცვლილი ფორმა წარმოადგინოთ შესათანხმებლად და თანხმობის შემთხვევაში, იხელმძღვანელოთ შეთანხმებული ფორმით.

 

– ბიუჯეტის რომელ კოდში გავა შემთხვევა, როდესაც ხდება სასწავლო აღჭურვილობის შეძენა და სპეციალისტების მოწვევა, რომლებმაც უნდა ჩაატარონ ტრენინგები ნაყიდი აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებით ?

ბიუჯეტში ხარჯების განაწილება და განფასება, წარმოადგენს უშუალოდ საგრანტო წინადადების ავტორის დისკრეციას. შესაბამისად, კონკრეტულ გრაფაში თანხის ასახვის/არასახვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულება. ამასთან, ბიუჯეტის „ვ” კოდით შესაძლებელია გაითვალისწინოთ ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის ჩატარების სხვა ხარჯები (გარდა ჰონორარისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაგალითად, ტრენინგის მასალები, გამოყოფილი სივრცე, მისი ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯები და ა.შ.

 

– ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების განაცხადის რომელი ფორმა ივსება აპლიკანტების მიერ?
– საგრანტო განაცხადის გაკეთებისას, აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ დანართი 7ბ – „ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების განაცხადი – აპლიკანტებისთვის“.

 

– დანართ 7ბ-ს, რომელიც არის ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების განაცხადი – აპლიკანტებისთვის, მხოლოდ აპლიკანტი ორგანიზაცია აგზავნის/ავსებს, თუ კონსორციუმის წევრიც და პარტნიორიც?

საგრანტო განაცხადს თან უნდა დაერთოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი დანართი 7ბ – „ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების განაცხადი – აპლიკანტებისთვის“.

 

– თუ ექსპერტების სადღეღამისო ხარჯი მთავრობის მიერ დადგენილ ნორმატიულ ზღვარს სცილდება და, შესაბამისად, იბეგრება – ფარავს თუ არა გრანტის თანხა ამ გადასახადებს?
– მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლებელია სადღეღამისო ხარჯის გრანტის ფარგლებში დაფარვა.

 

– შესაძლებელია თუ არა, რომ მემორანდუმის თარგმანის ვერსია დამოწმდეს არა ნოტარიუსის, არამედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ?
– გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მემორანდუმის თარგმნის სისწორე და მისი ორიგინალთან თავსებადობა აპლიკანტის პასუხისმგებლობაა. ქართულ და ინგლისურ ენაზე შევსებულ დოკუმენტებს შორის განსხვავების არსებობამ კი შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ინფორმაციის დაზუსტების საჭიროება ან დოკუმენტის დახარვეზება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მემორანდუმის თარგმნის სისწორე დამოწმებული იყოს ოფიციალური ფორმით – ნოტარიულად.

 

– უცხოეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მონაწილეობა არის თუ არა სავალდებულო, თუ პროექტი ეხება საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას უწყვეტი განათლების მიმართულებით? პროექტის შეფასებისას უცხოელი პარტნიორის ჩართულობას აქვს თუ არა უპირატესობა?

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროექტის მიზნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს, თუ რომელ სასწავლო დაწესებულებებთან თუ ორგანიზაციებთან დაამყაროს თანამშრომლობა პროექტის ფარგლებში. შესაბამისად, პარტნიორის შერჩევა უნდა ემყარებოდეს უშუალოდ საგრანტო პროექტის შინაარსს, დასახელებულ მიზნებსა და ამ მიზნის მიღწევისათვის მითითებულ გზებს. საზღვარგარეთ მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობასთან დაკავშირებით რაიმე საერთო სახის ვალდებულება არ არსებობს და არც უცხოელი პარტნიორის ჩართულობაა განმსაზღვრელი ყველა შემთხვევაში პარტნიორობის კრიტერიუმის წარმატებით დაკმაყოფილებისათვის. აქვე, აღსანიშნავია, რომ შეფასების მე-2 კრიტერიუმის – პარტნიორობის ხარისხის – წარმატებით დაკმაყოფილებისათვის, საპროექტო განაცხადში დეტალურად უნდა იყოს განმარტებული თანამშრომლობის შექმნის მიზნები და პროექტთან შესაბამისობა.

 

– თანადაფინანსება არის თუ არა სავალდებულო და ხომ არ არის კონკრეტული ლიმიტი დაწესებული?

– CIF-ის პროექტებისათვის მოითხოვება მინიმუმ 3% თანადაფინანსება. თანადაფინანსება შესაძლებელია გამოიხატებოდეს როგორც ფულად, ისე არაფულად კონტრიბუციაში, რომელიც აისახება პროექტის ბიუჯეტში. კონტრიბუცია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების/კონსულტაციის ან სხვა მსგავსი სახით, პროექტის ბიუჯეტში უნდა აისახოს დაწესებულების მიერ მისი განფასების შემთხვევაში. თუ მსგავსი სახის არაფულადი კონტრიბუცია არ არის დაწესებულების მიერ განფასებული, შესაბამისი ინფორმაცია (განუფასებელი) არაფულადი კონტრიბუციის შესახებ უნდა აისახოს საგრანტო პროექტის ნარატიულ ნაწილში – იმ აქტივობის ფარგლებში, რომლისთვისაც ის გამიზნულია. წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება თანადაფინანსების ნებისმიერი მტკიცებულება (ფულადი ან არაფულადი).

 

– არის თუ არადა კონკრეტული ვადა პროექტის განხორციელებისთვის დაწესებული?

– პროექტის განხორციელების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 18 თვე. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც იქნება არაუმეტეს 18 თვისა.

 

– ბუღალტრის ანაზღაურება საოპერაციო და ადმინისტრაციულ ხარჯში იგულისხმება? ეს ხარჯი უნდა შეადგენდეს ბიუჯეტის 2%–ს ხელფასებთან ერთად, თუ ხელფასი ბიუჯეტის 10%–ს შეადგენს და საოპერაციო ცალკე 2%-ს?

–  „საოპერაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებში” იგულისხმება პროექტის ყოველდღიური ოპერირებისთვის აუცილებელი ხარჯები. მაგალითად, სახელფასო ხარჯები, რომლის ჩაშლის მაგალითი ასახულია ბიუჯეტის ფორმაში. ასევე, შესაძლოა კომუნიკაციის ხარჯებისა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მსგავსი ხარჯების გათვალისწინება. კონკრეტული საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების განსაზღვრა უნდა მოხდეს უშუალოდ აპლიკანტის მიერ. შესაბამისად, ბიუჯეტი უნდა შემუშავდეს შესაბამისი უსდ-ის მხრიდან კონკრეტული პროექტის საჭიროებების მიხედვით. ამასთან, გრანტის ფარგლებში საოპერაციო ხარჯი ანაზღაურდება პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მაქსიმუმ 2%-მდე, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები (გუნდის წევრების ხელფასების ჩათვლით) – პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მაქსიმუმ 10%-მდე.

 

– საბაჟო გადასახადი პროექტის ბიუჯეტის დასაშვებ ხარჯებში შედის?

–  CIF-ის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით, გრანტის ფარგლებში არასათანადო ხარჯს (ე.ი. ხარჯს, რომელიც გრანტის თანხიდან ვერ დაიფარება) განეკუთვნება დამატებული ღირებულების გადასახადები, საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საგრანტო პროექტების განხორციელება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

– აპლიკანტების სახელმძღვანელოში წერია, რომ „CIF-ის გრანტების მომხმარებლები და ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი ინსტიტუციები – საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები“. შესაძლებელია თუ არა, რომ პარტნიორად გვყავდეს უცხოური უნივერსიტეტი და უცხოელ ექსპერტებს გადავუხადოთ ხელფასი მგზავრობის დანახარჯების ანაზღაურებასთან ერთად?

– პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დემონსტრირებული იყოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან პარტნიორობა. ამასთან, მხოლოდ ადგილობრივი ინსტიტუციები – საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ გრანტის მომხმარებლები და ბენეფიციარები. პარელელურად, პროექტის ფარგლებში დასაშვებია ექსპერტის დაქირავება (ადგილობრივი ან უცხოელი), პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივობის/მომსახურების გაწევის მიზნით. შესაბამისად, ამ პირის სტატუსი და როლი უნდა განისაზღვროს პროექტის ნარატიულ ნაწილში, ხოლო მის მიერ განხორციელებული საკონსულტაციო მომსახურების განფასება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) აისახება პროექტის ბიუჯეტში. ასეთი განფასება შეეხება მომსახურებას და არა – ხელფასს. აქვე გაცნობებთ, რომ ასეთ შემთხვევაში, მასზე არ გავრცელდება ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული შეზღუდვა.

 

– შესაძლებელია თუ არა საგრანტო წინადადების მიზნის მიღწევაში ჩაერთონ ექსპერტები სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და რა გზით არის შესაძლებელი მათი ჩართვა?
– სახელმწიფო ორგანიზაციაში დასაქმებული პირები შესაძლებელია წარმოდგენილნი იყვნენ გუნდის შემადგენლობაში (კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებითა და ხელფასისათვის დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში) ან განახორციელონ საექსპერტო საქმიანობა (კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით), შესაბამისი აქტივობის/მომსახურების გაწევის მიზნით.

 

– კონსორციუმის ფორმის შემთხვევაში, კონსორციუმის ყველა პარტნიორი ერთ ფორმაზე აწერს ხელს? მაგალითად, თუ სამი მონაწილეა, ორი ქართული და ერთი უცხოური, ერთად აწერენ ერთ ფორმაზე ხელს?

– გაცნობებთ, რომ შესაძლებელია შედგეს ერთი ორენოვანი კონსორციუმის დოკუმენტი, შესაბამისად, ხელმოწერა დაფიქსირდება დოკუმენტის ბოლოს ყველა მხარის მიერ. შეიძლება, ასევე, შედგეს ცალ-ცალკე ინგლისური და ქართულენოვანი დოკუმენტები, შესაბამისად, ხელმოწერა დაფიქსირდება თითოეულ დოკუმენტზე ყველა მხარის მიერ. შესაძლებელია დოკუმენტი შედგეს ინგლისურ ენაზე და მას მოაწერონ მხარეებმა ხელი, შემდგომ კი ეს ორიგინალი უცხოენოვანი დოკუმენტი ითარგმნოს ქართულად და მოხდეს მისი ნოტარიულად დამოწმება.

 

– პროექტის ფარგლებში, მემორანდუმი ცალ-ცალკე იდება ყველა მხარესთან?

– მემორანდუმი ცალ-ცალკე უნდა გაფორმდეს ყველა პარტნიორთან.

 

– უნივერსიტეტის რომელი წარმომადგენელი აწერს ხელს კონსორციუმის შეთანხმების ფორმაზე?

– კონსორციუმის შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო თუ უნივერსიტეტის შიდა რეგულაციით განსაზღვრულია ამგვარი დოკუმენტაციის ხელმოწერაზე უფლებამოსილი სხვა პირი (მაგ. პრორექტორი, კანცლერი და ა.შ.), ამ შემთხვევაში ხელმოწერა აღნიშნული პირსაც შეუძლია.

– განაცხადის შევსებისას, ფორმაში მისათითებელია გრანტის ნომერი. რა უნდა მიეთითოს გრანტის ნომრად?

– გრანტის ნომრად უნდა დაიწეროს MES_CIF_1.

 

– შესაძლებელია რომ კონსორციუმში პარტნიორად ან კონსორციუმის წევრებად მოვიაზროთ თბილისის მუნიციპალიტეტი და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები?

– გაცნობებთ, რომ კონსორციუმი უნდა შედგებოდეს ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან. კონსორციუმის წევრად ასევე შეიძლება გაითვალისწინოთ ადგილობრივი და/ან საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და/ან საერთაშორისო საგანმანათლებლო ან კვლევითი ორგანიზაციები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. რაც შეეხება მინიციპალიტეტსა და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათთან თანამშრომლობის დემონსტირება შესაძლებელია „პარტნიორობის“ და არა – „კონსორციუმის“ ფორმით.

 

– ბიუჯეტის შედგენის დროს კონსორციუმის წევრებზე ბიუჯეტი უნდა გაიწეროს როგორც „Lump sum“ და წამყვანი უნივერსიტეტი გადავურიცხავთ მათ თანხას ორგანიზაციის ანგარიშზე და ისე განკარგავენ მას?, თუ პროექტში გაწერილი თითოეული აქტივობისათვის წამყვანი უნივერსიტეტი შესაბამის პიროვნებებს ჩაურიცხავს თანხას პირად ანგარიშებზე?

– კონსორციუმის შემთხვევაში გრანტის მიმღებს წარმოადგენს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, შესაბამისად, დაფინანსების მიღების შემთხვევაში, გრანტი დაირიცხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე. რაც შეეხება გრანტის განკარვას, აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროექტის განხორციელების გეგმის, კონსორციუმის შეთანხმებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.

 

– მემორანდუმები, რომელიც გვაქვს გაფორმებული ქართულ ენაზე, უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზეც? თუ მემორანდუმი, ორ ენაზეა (ქართული/ინგლისური) გაფორმებული, ამ შემთხვევაში კიდევ რაიმე დამოწმებას საჭიროებს?

– მემორანდუმთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უნდა ადასტურებდეს უშუალოდ CIF-ის საგრანტო კონკურსის მიზნებისათვის (პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად) თანამშრომლობის მზაობასა და მიზნობრიობას. მემორანდუმები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილ მემორანდუმებთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მემორანდუმის თარგმნის სისწორე და მისი ორიგინალთან თავსებადობა აპლიკანტის პასუხისმგებლობაა. ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის განსხვავების არსებობამ კი შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ინფორმაციის დაზუსტების საჭიროება ან დოკუმენტის დახარვეზება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მემორანდუმის თარგმნის სისწორე დამოწმებული იყოს ოფიციალური ფორმით – ნოტარიულად.

 

– CV-ების ფორმები ივსება მხოლოდ მეცნიერების, წამყვანი პერსონალის მიერ? ადმინისტრაციული და მენეჯმენტის სტაფს სჭირდება CV-ის ფორმის შევსება? მაგალითად, თუ პროექტის გუნდში გათვალისწინებული იქნება ფინანსური მენეჯერი, უნდა წარმოვადგინოთ თუ არა მისი CV?

– გაცნობებთ, რომ გრანტების პორტალზე განთავსებული ფორმით, წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეებიც (CV), რომელთა როლი პროექტის ნარატიულ ნაწილში მკაფიოდ განსაზღვრულია (მაგალითად – პროექტის მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი და სხვ.). აღნიშნული CV-ები უნდა გამოკვეთდეს პირის უნარებსა და გამოცდილებას, რაც შეესაბამება პროექტის ფარგლებში მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

– ბიუჯეტის რომელ ნაწილში შეიძლება გავითვალისწინოთ რემონტის (ლაბორატორიული სივრცის მოწყობის) ხარჯები?

– გაცნობებთ, რომ CIF-ის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით, ნებისმიერი სამშენებლო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამიზნული თანხა წარმოადგენს არასათანადო ხარჯს, შესაბამისად, მისი დაფარვა ვერ მოხდება გრანტის თანხიდან. თუ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სარემონტო ხარჯებს, მათი გათვალისწინება ბიუჯეტში შესაძლებელია თანადაფინანსების ფორმით (ხარჯები, რომლებიც იფარება პროექტის მიზნებისათვის უშუალოდ აპლიკანტის მიერ).

 

– პროექტის წარმოდგენის უფლებამოსილება აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს დამოუკიდებლად აქვს თუ პროექტი უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მიერ უნდა იქნას წარმოდგენილი?

– საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (ერთი აპლიკანტი); ან ბ) კონსორციუმს, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ან მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან (აქედან მინიმუმ ერთი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება), რომლებიც პროექტის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან. რაც შეეხება უშუალოდ გრანტების პორტალის მეშვეობით საგრანტო განაცხადის წარმოდგენას, ტექნიკურად ეს პროცედურა შეიძლება განახორციელოს, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა (რექტორმა), ასევე მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე სხვა პირმა (მაგალითად, აკადემიური პერსონალი). გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი “უსდ-ის წარმომადგენლობის ფორმა”, რომელიც პროექტის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტია და რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული პროექტის წარდგენაზე უფლებამოსილი პირი. დამატებით გაცნობებთ, რომ საგრანტო კონკურსში პიროვნებას (პროფესორს, ასოცირებულ პროფესორს და ა.შ.) ინდივიდუალურად მონაწილეობა და საკუთარი სახელით შესაბამისი განაცხადის წარმოდგენა არ შეუძლია.

 

– კონკრეტული დაწესებულებიდან მხოლოდ ერთ აპლიკანტს აქვს უფლება წარმოადგინოს პროექტი?

– საგრანტო განაცხადების რაოდენობა არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ერთი დაწესებულების სახელით შესაძლებელია ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა.

 

– საგრანტო პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთან ერთად, სხვა თანდართულ დოკუმენტებს შორის წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სტრატეგიული განვითარების გეგმა, თუ მას, ასევე, თან უნდა ახლდეს სამოქმედო გეგმა?

– საგრანტო პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი უნდა იყოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა და საგრანტო წინადადების/პროექტის განხორციელების გეგმა (ექსელის ცხრილის სახით).

 

– A7b Confidentiality Statement -ის ფორმას ხელს იმავე ფაილში უნდა მოაწერონ ხელი პარტნირებმა თუ ცალკე მოვაწერინოთ ხელი პარტნიორებს?

– A7b Confidentiality Statement-ს თითოეულმა პარტნიორმა უნდა მოაწეროს ხელი, ტექნიკურად ეს შეიძლება როგორც ერთ დოკუმენტზე ყველა პარტნიორის ხელმოწერის გზით, ასევე ცალ-ცალკე ეგზემპლარებზე ხელმოწერის გზით განხორციელდეს.

 

– პროექტის ფარგლებში სადღეღამისო ხარჯების გაწერისას რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ?

– სადღეღამისო ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ CIF-ის ფარგლებში, მათ შორის, კონსორციუმის შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსება გაიცემა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ წამყვან უსდ-ზე და აღნიშნული გრანტის ბენეფიციარები/მომხმარებლები არიან ადგილობრივი იურიდიული პირები. ამასთან, უსდ-ები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საგრანტო პროექტების განხორციელება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახო კოდექსის და სხვა რელევანტური რეგულაციების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადღეღამისო ხარჯების და სხვა მსგავსი ხარჯების დაანგარიშების სახელმძღვანელო ნორმატიულ სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება (შემდგომში – №220 ბრძანება). გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული რეგულაციები ვრცელდება დაქირავებულ პირზე, ვინც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს დამქირავებლისთვის შესაბამის საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ №220 ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტები არ ექვემდებარება დაბეგვრას კანონმდებლობის მიხედვით, ხოლო გაზრდილი ლიმიტები ექვემდებარება დაბეგვრას. შესაბამისად, №220 ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტის ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებითი კონსულტაცია გაიაროთ კონსორციუმის ხელმძღვანელ სსიპ უსდ-ის შესაბამის სამსახურთან და მხედველობაში იქონიოთ CIF-ის მართვის სახელმძღვანელოში მითითებული არასათანადო ხარჯების ჩამონათვალი.

 

– საზღვარგარეთიდან მოწვეული პირისათვის ჰონორარის გადახდისას რა პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
– პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ექსპერტის დაქირავება (ადგილობრივი ან უცხოელი), პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივობის/მომსახურების გაწევის მიზნით. შესაბამისად, ამ პირის სტატუსი და როლი განისაზღვრება პროექტის შინაარსის ნარატიულ ნაწილში, ხოლო მის მიერ განსახორციელებელი საკონსულტაციო მომსახურების განფასება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) აისახება პროექტის ბიუჯეტში. ასეთი განფასება შეეხება მომსახურებას (და არა – ხელფასს), შესაბამისად, მასზე არ გავრცელდება ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული შეზღუდვა.

 

– ბიუჯეტის ფორმაში (ექსელი) სადაც წერია სიტყვა „თანხა“ (მაგ. C; I; O და U სვეტებში) აქ უნდა ჩაიწეროს სავარაუდო ხარჯიდან აპლიკანტი რამდენს ითხოვს თანხას?

– ბიუჯეტის ფორმაში სიტყვა „თანხა“ (მაგ: C, I, O, U სვეტები) აღნიშნავს აპლიკანტის ფულად კონტრიბუციას/თანადაფინანსებას.

 

– არასაგანმანათლებლო პარტნიორ(ებ)ის სარეგისტრაციო დოკუმენტ(ებ)ი ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს?

– იმ პარტნიორთა სარეგისტრაციო დოკუმენტები, რომლებიც არ არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შეიძლება წარმოადგინოთ ერთ ენაზე (ორიგინალი დოკუმენტის სახით).

 

– გრანტების პორტალზე განთავსებულია ყველა დოკუმენტის ფორმა, მაგრამ განაცხადის შევსებისას გვხვდება ჩანაწერები, როგორიცაა, მაგალითად, „დაურთეთ დანართი N1, დანართი N2, დანართი N3 და დანართი N4“, თუმცა, ამ დანართების ფორმები არ არის ვებ გვერდზე განთავსებული. ეს დანართები აპლიკანტებმა უნდა შეადგინონ?

გრანტების პორტალზე – www.grants.gov.ge განთავსებული დოკუმენტები შედგება საინფორმაციო და წარსადგენი დოკუმენტაციისგან. ამავდროულად, წარსადგენი დოკუმენტების ველში მითითებულია ყველა ის დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს საგრანტო განაცხადს. ამასთან, დოკუმენტების ნაწილი წარმოდგენილი უნდა იქნეს დამტკიცებული ფორმების მიხედვით, რომლებიც განთავსებულია გრანტების პორტალზე; ხოლო დოკუმენტების ნაწილი, მაგალითად, როგორიცაა: წამყვანი უსდ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა, განხორციელების გეგმა, არასაგანმანათლებლო პარტნიორ(ებ)ის სარეგისტრაციო დოკუმენტ(ებ)ი და ყველა პარტნიორთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები -წარმოდგენილი უნდა იქნას უშუალოდ აპლიკანტების მიერ შემუშავებული ფორმით. გასათვალისწინებელია, რომ განაცხადზე დოკუმენტაციის დართვისას, კერძოდ, დანართების ნუმერაციისას, აპლიკანტებმა უნდა იხელმძღვანელონ საგრანტო განაცხადის ფორმაში არსებული ინსტრუქციებით.

 

– პროექტის მოთხოვნაა calibri შრიფტი, თუმცა ქმნის დიდ უხერხულობას ქართულად წერის დროს. ქართული რომ sylfaen-ში იყოს და ინგლისური calibri-ის შრიფტში პრობლემა იქნება?

– შრიფტთან დაკავშირებით, sylfaen-ის გამოყენების შემთხვევაში, დოკუმენტი დამატებით არ დახარვეზდება.


– გრანტის მოპოვების შემთხვევაში, 2023 წლის რომელი თვიდანაა შესაძლებელი პროექტის განხორციელების დაწყება?

– პროექტის განხორციელების დაწყების კონკრეტული თარიღი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, დასრულდება აპლიკანტთან სახელშეკრულებო მოლაპარაკებები და გაფორმდება საგრანტო შეთანხმება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, დაფინანსების მოპოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან, 4 კვირის განმავლობაში მოაწეროს ხელი საგრანტო შეთანხმებას.

 

– თუ პარტნიორი არ არის კონსორციუმის წევრი, საჭიროა თუ არა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერა ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის დოკუმენტზე?

– ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის დოკუმენტზე ხელს აწერს ყველა პარტნიორი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი.

 

– ვინ აწერს ხელს ინფორმაციის გაუმჟღავნელობის დოკუმენტს: უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელია, პროექტის ხელმძღვანელი, თუ პროექტში მონაწილე ყველა სტაფი (ადმინისტრაციული)?

– ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის დოკუმენტზე ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ან თუ უნივერსიტეტის შიდა რეგულაციით განსაზღვრულია ამგვარი დოკუმენტაციის ხელმოწერაზე უფლებამოსილი სხვა პირი (მაგ. პრორექტორი, კანცლერი და ა.შ.), ამ შემთხვევაში ხელმოწერა აღნიშნულ პირსაც შეუძლია.

 

 

 

 

 

CIF – კითხვები/პასუხები