• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით

პროექტის განმახორციელებლები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი: საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით

განხორციელების ვადა: 06/2024 – 11/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 380 933,1 ლარი

გრანტი: 327 549.3 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ორ რეგიონულ უნივერსიტეტში საინჟინრო პროფილის კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტებში დისტანციური საინჟინრო სწავლებისთვის მეთოდური და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნა.

რეგიონულ უნივერსიტეტებში ლაბორატორიული სწავლება განხორციელდება დისტანციური ექსპერიმენტის გზით სტუ–ს ლაბორატორიაში, კერძოდ, ქართული ინოვაციის – დაპატენტებული ტექნოლოგიის – „დისტანციური ლაბორატორიული სისტემა“ (პატენტი #GEU20222123Y), გამოყენებით. პროექტის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის გაჩნდება ნატურული ლაბორატორიული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა.

ამასთან, ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში გაძლიერდება კომპიუტინგის და მასთან ასოცირებული დარგების საგანმანათლებლო პროგრამები თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სასწავლო კურსებით, რაც ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. პროექტში განვითარებული მიდგომის გამოყენება ეხმიანება საინჟინრო სპეციალობების შესწავლის პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების წინაშე მდგარ გამოწვევებსაც.

 

ძირითადი აქტივობები

სტუ-ში მოხდება ორი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის – „ინფორმატიკა“ და „კომპიუტერული ინჟინერია“ მოდიფიცირება, მოდერნიზდება კომპიუტერების დიაგნოსტირების ლაბორატორია და შეიქმნება IoT სისტემების ახალი ლაბორატორია.

თესაუ-ში მოდიფიცირდება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები“, ხოლო ბსუ-ში – საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“. ორივე უნივერსიტეტში იგეგმება კომპიუტერული ქსელის სასწავლო კურსის ძირეული შეცვლა სტუ-ს კომპიუტერული ქსელების ლაბორატორიის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ორივე პროგრამაში არჩევითი სახის ორი სასწავლო კურსი ჩაემატება: SCADA და IoT სისტემები, რომლებიც მომზადდება სტუ-ს ლაბორატორიული ბაზის შესაძლებლობების გათვალისწინებით. თესაუ-ში მოდიფიცირდება, ხოლო ბსუ-ში ჩაემატება კომპიუტერული სისტემების სერვისული მომსახურების სასწავლო კურსი, სადაც გათვალისწინებული იქნება სტუ–ში მოდერნიზებული კომპიუტერული სისტემების დიაგნოსტირების ლაბორატორიის შესაძლებლობები.

პროექტის მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირება სამივე უნივერსიტეტში;
  • შესაბამისი სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის შექმნა;
  • უნივერსიტეტების აკადემიური და დამხმარე პერსონალის ტრენინგები;
  • დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგიის განხორციელება სამივე უნივერსიტეტში;
  • დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგიაში ჩართული კომპიუტერული კლასების განხორციელება ბსუ-სა და თესაუ-ში;
  • ახალი IoT სისტემების ლაბორატორიის განხორციელება და არსებული კომპიუტერების დიაგნოსტირების ლაბორატორიის გაძლიერება სტუ-ში;
  • დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგიაში სტუ-ს SCADA სისტემების, IoT სისტემების, კომპიუტერული ქსელების, კომპიუტერების დიაგნოსტირების ლაბორატორიების ინტეგრაცია;
  • საზოგადოების ცნობადობის ამაღლება დასაქმებაში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური განათლების და დისტანციური ლაბორატორიების სარგებლიანობაზე;
  • პროექტის შედეგების მდგრადობის შენარჩუნების და მისი შემდგომი გავრცელების ღონისძიებების დაგეგმვა.

 

მდგრადობა

პარტნიორი უნივერსიტეტები პროექტის შედეგად იღებენ რეალიზებულ მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობებს, შესაბამისად ადაპტირებულ სასწავლო-მეთოდურ ლიტერატურას, შესაბამის სასწავლო კურსებში დატრენინგებულ კვალიფიციურ პედაგოგებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოდიფიცირებულ პროგრამებში ჩართული ახალი სასწავლო კურსები სრულად პასუხობს ინფორმატიკის თანამედროვე გამოწვევებს, პროექტის დასრულების შემდეგ მათი მოდიფიცირების საჭიროება 4 წლის განმავლობაში არ უნდა დადგეს.