• ქართული
  • English

პირველი საგრანტო კონკურსი

სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის (LLER)

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონსორციუმის შემადგენლობით სსიპ  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან.

პროექტი:  სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისთვის (LLER)

განხორციელების ვადები: 09/2023 – 03/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 534 944.55 ლარი

გრანტი: 510 544.55 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის ფარგლებში შეიქმნება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმების ხელშემწყობი მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული სასწავლო პრაქტიკული ლაბორატორია (ჰაბი) შშმ პირების სოციალური ინტეგრაციისა და მხარდამჭერ თემში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, გათვალისწინებულია 8 ლაბორატორიის ფორმირება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწყობა უნიფუდი – ჯანმრთელი კვების კუთხე, პოლიგრაფ-შოპი – ასლგადამღები პუნქტი/საგამომცემლო საქმე, ფაბლაბი – ხის პროდუქციის დამამზადებელი პუნქტი, შეხვედრების ბაღი – სადაც მომზადდება სოციალური ღონისძიებები სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი იქმნება შემდეგი ლაბორატორიები: მებაღეობის ლაბორატორია, გასტრონომია – პურის ცხობის ტექნოლოგია, მევენახეობის ლაბორატორია, კომპიუტერული ლაბი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს უნარების განვითარების მოდელების შექმნას, სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის აკადემიური პროგრამების განვითარებას, უწყვეტი განათლების მინი-მოდულების შექმნას, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობას.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტით დასახული მიზნების მისაღწევად ფორმირდება შესაბამისი ლაბორატორიები. ამავდროულად, რეკრუტირდნენ და ლაბორატორიებში მუშაობას შეუდგნენ შშმ პირები, ხელობის მასწავლებლები, მხარდამჭერი პირები, მკვლევარები. ასევე, ლაბორატორიებში პრაქტიკულ მუშაობას გადიან ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის პროგრამების სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შედეგად, ესპანელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, სოციალური პედაგოგიკის მიმართულებით, გადაამზადეს პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრები და სტუდენტები. აგრეთვე, შედგა ქართველი აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ვიზიტები ესპანეთსა და ნორვეგიაში. შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებელ ორგანიზაციებთან შეხვედრაც გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის სექტორის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიების ბაზაზე მუშაობა და მონაცემების შეგროვება უნარების მოდელების განსავითარებლად. აგრეთვე, გრძელდება პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრები შშმ პირთა დასაქმების ქსელის შექმნის მიზნით და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ვიზიტები.

დასკვნითი ეტაპისათვის, პროექტის შედეგები დაიბეჭდება სტატიების სახით, ჩატარდება კონფერენცია და შეიქმნება შშმ პირებზე ადაპტირებული ელექტრონული გვერდი.

 

მდგრადობა:

დაფუძნებულ ლაბორატორიებში პროექტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება მუშაობა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს თვითდაფინანსებით. კერძოდ, შშმ პირები და მხარდამჭერები თვითგამომუშავებით გააგრძელებენ ფუნქციონირებას (კაფეს მომსახურება, პურის გაყიდვა, ბლოკნოტები, და სხვ.). ამავდროულად, აკადემიური პერსონალი, დაინტერესებული მხარეებისათვის, მუდმივად განახლებულ ინფორმაციას განათავსებს პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ვებ-გვერდზე.