• English
  • ქართული

მეორე საგრანტო კონკურსი

CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შპს – ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში

პროექტი: CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის

განხორციელების ვადა: 06/2024 – 12/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 498,407.7 ლარი

გრანტი: 469,607.7 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია, საქართველოში უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, განათლების უმაღლეს საფეხურზე ისეთი ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც კიბერუსაფრთხოების გამოწვევების და უახლესი მიღწევების წინ წამოწევით, ქვეყნის უსაფრთხო მომავლის შექმნას შეუწყობს ხელს. კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა საქართველოსთვის მოიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა კონფიდენციალურობას, საერთაშორისო ურთიერთობებს, ინტელექტუალურ საკუთრებას, კიბერუსაფრთხეებისადმი მდგრადობას, კიბერდანაშაულის პრევენციასა და განათლებას. კიბერუსაფრთხოების ყოვლისმომცველი და აქტიური მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ციფრული მომავლის უზრუნველსაყოფად და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის მიზნის ეფექტიანი მიღწევისთვის, უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით, შემუშავდება ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში. პროგრამის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილება, მათ შორის აშშ-ის ადელფაის უნივერსიტეტის, რომელიც საქართველოში ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია.

პროექტის ფარგლებში, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამასთან ერთად, შეიქმნება კიბერუსაფრთხოების კვლევითი და სასწავლო ლაბორატორია, რომელიც უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი და უზრუნველყოფს პროგრამაში სასწავლო კურსების პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას, მაგისტრანტთა ხარისხიან, ექსპერიმენტებზე დაფუძნებულ კვლევით მუშაობას, პროფესორთა ჩართულობით საინტერესო აქტუალური აქტივობების დაგეგმვას.

პროფესორ-მასწავლებლების კიბერუსაფრთხოების დარგობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის და კიბერუსაფრთხოების სწავლებისა და ცოდნის გადაცემის მეთოდების დახვეწისათვის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდება ტრენინგები.

პროექტში შესაბამისი დარგობრივი სექტორის კომპანიების დამსაქმებლის სტატუსით ჩართულობა ხელს შეუწყობს მაგისტრანტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას, საჭიროებისამებრ კომპანიის რეალური კვლევითი ამოცანების გადაწყვეტას მაგისტრანტთა კვლევითი კომპონენტის ფარგლებში, შრომის ბაზრის დაახლოებას უნივერსიტეტებთან.

დარგში რეალურად არსებული გენდერული და ეთნიკური დისბალანსის დაძლევის ტენდენციის გაზრდისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტ გოგონათათვის ჩატარდება ვორქშოპების სერია კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

 

მდგრადობა

პროექტის ფარგლებში მიღწეული კონკრეტული შედეგები და შემუშავებული პრაქტიკა (ლაბორატორიის შექმნა, სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგიური ჩარჩოს შედგენა, თანამშრომელთა კომპეტენციების განვითარება, შემუშავებული აკრედიტებული პროგრამა, შრომის ბაზართან დაახლოება, გენდერული უთანასწორობის დაძლევისთვის გარკვეული წარმატების მიღწევა და სხვა) გახდება უნივერსიტეტების რუტინული სამუშაოს ნაწილი და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად უფრო გაძლიერდება.

შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს უნივერსიტეტების შესაბამისი სასწავლო კურსების პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას, კვლევების განხორციელებას და ექსპერიმენტების ჩატარებას. პროექტის დასრულების შემდგომი ღონისძიებები მიმართული იქნება ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფების სისტემატური განახლებისკენ.

პარტნიორი უნივერსიტეტები ერთობლივად განახორციელებენ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შრომის ბაზრის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი და დამსაქმებლების ჩართულობა განაპირობებს პროგრამის მუდმივი განახლებას, უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ჩართულობით.

კონსორციუმი მუდმივად განიხილავს გარე დაფინანსების შესაძლებლობებს, რასაც ხელს შეუწყობს წამყვან უნივერსიტეტში მოქმედი გრანტების ოფისი და პარტნიორი უნივერსიტეტის აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.