• ქართული
  • English

პირველი საგრანტო კონკურსი

განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში

პროექტის განმახორციელებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი

პროექტი: განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში

განხორციელების ვადა: 08/2023 – 01/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 560,646.45 ლარი

გრანტი: 511,986.45 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული  უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი, ინტერსექტორული პარტნიორობის განვითარებით. ამისათვის, პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების კონსორციუმი შეისწავლის ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებებს და იზრუნებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების სწრაფ მოდერნიზაციასა და ხელმისაწვდომობაზე. კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაწესებულებების მართვის მიმართულებებით პარტნიორობას უწევენ ჰოსპიტალთა ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტი ავითარებს კომპლექსურ მიდგომას ჯანდაცვის სფეროში საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლებისა და სტუდენტების კოლაბორაციის მიზნით.

 

ძირითადი აქტივობები

საერთაშორისო მეთოდებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზრის გაანალიზების მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ჯანდაცვის სპეციალობებში პრიორიტეტული კომპეტენციები და უნარები, ასევე, დასაქმებისა და კადრების მართვის გამოწვევები. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო დაწესებულებებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. გაანალიზდა, ასევე, დასაქმების ქართული ონლაინ პლატფორმები ჯანდაცვის დარგში დასაქმების ტენდენციები და მოთხოვნადი უნარები.

პროექტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდება სწავლების თანამედროვე მეთოდებზე აგებული ტრენინგკურსები. ასევე, ზემოხსენებული კვლევის შედეგად გამოვლენილ ორ პრიორიტეტულ თემაზე შემუშავდება მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლებიც ამოქმედდება როგორც ილიაუნის, ასევე, ბაუ-ს ბაზაზე. კონსორციუმი მოამზადებს დოკუმენტაციას ახლად შემუშავებული ტრეინინგ-პროგრამების აკრედიტაციისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს უწყვეტი განათლების და პროფესიული განვითარების სისტემაში მათი ინტეგრირებისთვის.

პრიორიტეტულ საკითხებსა და პრაქტიკულ უნარებზე  ორიენტირებული სასწავლო კურსები ინტეგრირდება საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმში არჩევით საგნებად ან ძირითად საგნებში დამატებით/განახლებულ კომპონენტად.

პროექტის ბოლოს დაგეგმილია კონფერენციისა და კარიერული ფორუმის ორგანიზება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დამსაქმებლები, ჯანდაცვის ასოციაციები და სხვა დაინტერესებულ პირები. ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების შრომის ბაზართან  დაახლოვებას.

 

მდგრადობა

პროექტის შედეგების მდგრადობა რამდენიმე ჭრილში არის გააზრებული. ერთი მხრივ, შემუშავებული თანამედროვე, მდგრადი და მოქნილი ინსტრუმენტების გამოყენება მომავალშიც წარმატებით შეიძლება არამხოლოდ ჯანდაცვის სფეროში, არამედ სხვა მიმართულებით საგანმანათლებლო პროცესების წარმოებისას (მაგალითად, შემუშავდა შრომის ბაზრის კვლევის ინსტრუმენტი, საგანმანათლებლო პროგრამები და ტრენინგები, ყოველწლიური კარიერული ფორუმი და სხვ.). მეორე მხრივ, პროექტის შედეგად გაიზრდება/გაძლიერდება ადამიანური რესურსი და პარტნიორობის ხარისხი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისა და პროექტის შედეგების გრძელვადიანობის კუთხით.