• ქართული
  • English

სიახლეები

ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში

პროექტის განმახორციელებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

პროექტი: ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში (InTech4MED)

განხორციელების ვადა: 10/2023 – 11/2024

პროექტის საერთო ღირებულება: 529,725.00 ლარი

გრანტი: 419,225.00 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების კომბინაციას წარმოადგენს. მისი მიზანია მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტების განვითარება და პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული მეთოდების ინტეგრირება.

პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოში კვლევითი ალიანსის და დარგობრივი კლასტერის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. იგი ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტური კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკული უნარების განვითარებას და სასწავლო-კვლევითი აქტივობების დიგიტალიზაციას.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ვირტუალური პლატფორმა „მედიცინა და ინოვაცია“, სადაც თავმოყრილია პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია და მონაცემები. შეიქმნა, ასევე, სამეცნიერო საბჭო „მედიცინა და ინოვაცია“  – შემუშავებულია საბჭოს მარეგულირებელი დოკუმენტი და განსაზღვრულია საბჭოს შემადგენლობა. საზოგადოებაში არსებული ჯანდაცვის გამოწვევებზე ორიენტირებული სტუდენტური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში გამოცხადდა და ჩატარდა სტუდენტური საგრანტო კონკურსი.

პროექტის გუნდის მიერ შემუშავდა, ასევე, მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმის კვლევის უნარებზე ფოკუსირებული სასწავლო კურსების კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევების განხორციელების, ანალიზის და სამეცნიერო-კვლევითი კონცეფციების პრაქტიკულად გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას და ასევე სასწავლო-კვლევითი აქტივობების დიგიტალიზაციის პრინციპებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგების სერია „მედიცინა და ინოვაცია“. ტრენინგები ხორციელდება ჯანდაცვის მიმართულებით კვლევებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ტარდება, აგრეთვე, სამეცნიერო-პოპულარული ლექციები ჯანდაცვის გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებული კვლევების და მათი შედეგების პრეზენტაციის მიზნით.

პროექტის შედეგების დისემინაციის მიზნით, სტუდენტებისა და ექსპერტების ჩართულობით, ჩატარდება შემაჯამებელი კონფერენცია.

 

მდგრადობა

პროექტის ფარგლებში შემუშავებული სტუდენტების კვლევითი პროექტების ხელშეწყობის ეფექტური მოდელი, პროექტის დასრულების შემდგომგაც შენარჩუნდება როგორც შიდა, ისე გარე დაფინანსების მექანიზმით და გავრცობილი იქნება ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევით აქტივობებზე. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოდელი მოიზიდავს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საფუძველს ჩაუყრის კონსორციუმის წევრებთან თანამშრომლობას და მოიზიდავს კერძო სექტორის რესურსებს აკადემიურ სექტორში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ხელშეწყობისთვის (რაც შემდგომში ე,წ, ინდუსტრიულ სადოქტორო პროგრამების შემუშავების განმსაზღვრელ ფაქტორს შეიძლება წარმოადგენდეს).

აღსანიშნავია, ასევე, ვირტუალური პლატფორმა „მედიცინა და ინოვაცია“, რომლის ადმინისტრირება და განვითარება პროექტის დასრულების შემდეგაც განხორციელდება. კერძოდ, პლატფორმა გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო და კვლევითი მოდელების განსახორციელებლად.