ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და შესაბამისი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა
პროექტის განმახორციელებელი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტი: ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და შესაბამისი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა
განხორციელების ვადა: 06/2024 – 11/2025
პროექტის საერთო ღირებულება: 285 748 ლარი
გრანტი: 277 048 ლარი
მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული ვირტუალური გარემოს შექმნა თანამედროვე სავეტერინარო ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, რომელიც უკავშირდება სავეტერინარო შემთხვევების მოდელირებას და მიზნობრივი კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლა/დემონსტრირებას, ასევე, სპეციალობის (დარგობრივი) პრაქტიკის პროგრამით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების გამომუშავება/დადასტურებას სიმულაციურ გარემოში.
პროექტის ფარგლებში პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსების სწავლებაში დაინერგება სწავლისა და შეფასების ისეთი თანამედროვე ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური (OSCE) და პრაქტიკული (OSPE) მეთოდი.
პროექტის მიზნების მისაღწევად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტთან თანამშრომლობს.
ძირითადი აქტივობები
პროექტით დასახული მიზნების მისაღწევად, დაგეგმილია სჯსუ-ის ვეტერინარული მიმართულების ლაბორატორიებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. შეძენილ იქნება უახლესი სტანდარტების შესაბამისი ვეტერინარული სიმულატორები და მულაჟები. ჩატარდება მიზნობრივი ტრენინგები და მასტერკლასები სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვეტერინარიის მიმართულებით პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსების სილაბუსებისა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მოდიფიცირება, მათი ინოვაციურ მეთოდებთან, მოდერნიზირებულ ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსთან შესაბამისობაში მოყვანა. პროცესში ჩართულნი იქნებიან პოტენციური დამსაქმებლები და კურსდამთავრებულები.
მდგრადობა
შეძენილი მულაჟები და სიმულატორები მათი მრავალჯერადი გამოყენების მიზნით, განთავსებული იქნება სჯსუ-ს ლაბორატორიებში. პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებულ ლაბორატორიებში არსებული აღჭურვილობა, დატრენინგებული პედაგოგების მიერ, გამოყენებული იქნება მრავალჯერადად, სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული, ასევე, შესაძლებლობას ქმნის, საგრანტო პროექტის ფარგლებში შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა წარმატებით იქნას გამოყენებული უნივერსიტეტში შემუშავებული ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით აკრედიტაციისა და განხორციელების მიზნით.
მიღებული შედეგების მდგრადობას ხელს შეუწყობს, ასევე, მოდიფიცირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და სილაბუსები, რომელიც მორგებული იქნება სწავლის ინოვაციურ მეთოდებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.