• ქართული
  • English

სიახლეები

კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისთვის

საგრანტო პროექტის განმახორციელებლები: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)  კონსორციუმის შემდეგი შემადგენლობით: სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იბსუ) და ლინკოპინგის უნივერსიტეტი.

პროექტი: კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისთვის (CSS4D).

განხორციელების ვადა: 08/2023 – 02/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 525,575.5 ლარი

გრანტი: 509, 575.5 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების სკოლაში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისთვის“ (CSS4D) შემუშავება და დანერგვა. აღნიშნული პროგრამა ინოვაციურია და საქართველოში ჯერ არცერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ხორციელდება. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა სოციალური ფენომენის გაანალიზების ტექნიკებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.


ძირითადი აქტივობები

პროექტით დასახული მიზნის მისაღწევად დაიწყო შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სტუდენტების გამოკითხვა და მიმდინარეობს პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრები. ამასთანავე, შვედი და ინგლისელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა პროგრამის კურიკულუმის საწყისი დიზაინი. აგრეთვე, ლინკოპინგის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საქართველოში ვიზიტის შედეგად, ლექტორებისათვის ტრენინგი ჩატარდა CSS-სა და DS-ში. აღსანიშნავია, რომ ახალ სამაგისტრო პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს, რა მიზნითაც შემუშავდა სტაჟირების შინაარსი და შედგა შეხვედრები არასაგანმანათლებლო პარტნიორებთან სტაჟირების სტრუქტურის, CSS4D კურიკულუმის დიზაინისა და სამომავლო თანამშრომლობის ვარიანტების განსახილველად. ამასთანავე, ჰიბრიდული სასწავლო ინფრასტრუქტურის 360° ციფრული კამერითა და აუდიო სისტემით აღიჭურვა კონსორციუმში შემავალი სამი უსდ – თსუ, IBSU და აწსუ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამაში შემავალი ახალი სასწავლო კურსების შემუშავების პროცესი (მათ შორის სასწავლო მასალები, სილაბუსები, ლექციების გეგმები და შეფასების სისტემა). აგრეთვე, ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ იქმნება სოციალური მედია კომუნიკაციის საშუალებები.

პროექტის დასკვნითი ეტაპისათვის დასრულდება აკადემიური პერსონალის გადამზადება და საბოლოოდ, წარდგენილ იქნება განაცხადი პროგრამის აკრედიტაციის მიზნით.


მდგრადობა

პროგრამის მდგრადობისათვის განხილულია დაფინანსების სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროები, მათ შორის, აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები ბალტიისპირა რეგიონში შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით.