თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
პროექტის განმახორციელებლები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
პროექტი: თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით
განხორციელების ვადა: 08/2023 – 01/2025
პროექტის საერთო ღირებულება: 682,828.65 ლარი
გრანტი: 524,600.65 ლარი
მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სამედიცინო სკოლებში ნეირომეცნიერების სწავლების განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან და ბოლონიის პროცესის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
პროექტი ფარავს როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომისშემდგომი (საუნივერსიტეტთაშორისო სადოქტორო პროგრამის შექმნა) და პროფესიული განვითარების (ნეირომეცნიერებისა და კლინიკური ნევროლოგიის ლექტორთა ტრენინგი – ToT) საფეხურებს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საბაზისო ნეირომეცნიერების ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის და მისი სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება, ტრანსლაციური ნეირომეცნიერების საუნივერსიტეტთაშორისო კვლევითი „ჰაბის“ და სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის მომზადება, ასევე, კლინიკური ნევროლოგიის science education-ის მეთოდით სწავლების ინიციაცია. ნეირომეცნიერების შემოთავაზებული ინოვაციური პროგრამა მხარდაჭერილი იქნება ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შექმნილი ვირტუალური პაციენტების პროგრამების და „augmented reality“-ის შესაძლებლობებით. პროექტის განხორციელებით შეიქმნება და დაინერგება ნეირომეცნიერების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების მოდელი, ასევე – სხვა უმაღლეს სამედიცინო სკოლებში მისი იმპლემენტაციის მეთოდური საფუძვლები.
ძირითადი აქტივობები
მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სკოლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით იქმნება საბაზისო ნეირომეცნიერების ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის სილაბუსი, არსებული კურსების მოდერნიზაციის და განახლების საფუძველზე. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ხორციელდება ევროპის უნივერსიტეტებში მიმდინარე მსგავსი კურსის ნიმუშების ადაპტაცია კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების პროგრამებთან. ნეირომეცნიერების ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შემუშავების კვალდაკვალ ხორციელდება აღნიშნული კურსის სწავლების დანერგვისათვის ლექტორთა/პედაგოგთა (ტრენერების) მომზადება.
ამავდროულად, თსუ-ს ბაზაზე ეწყობა ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია („ჰაბი“), რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკვლევარებს, სტუდენტებთან ერთად, იკვლიონ ნერვული სისტემის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების სხვადასხვა ასპექტები ნორმასა და პათოლოგიაში. ასევე, მიმდინარეობს ლაბორატორიის სამეცნიერო მუშაობის გეგმის და შესაბამის კვლევაში სტუდენტთა ჩართულობის მოდელის შემუშავება.
კონსორციუმში შემავალ უნივერსიტეტთა მონაწილეობით ხდება საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის „ტრანსლაციური ნეირომეცნიერების“ მომზადება აკრედიტაციისთვის, უცხოელი კონსულტანტების ხელშეწყობით.
კონსორციუმის წევრ თითოეულ უნივერსიტეტში და/ან პროექტში მონაწილე კლინიკებში (ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების კლინიკურ ბაზებზე) იქმნება კომპიუტერული კლასები და სწავლების წარმართვა ხორციელდება Science Education-ის პრინციპების გათვალისწინებით (Education through Research) პრობლამაზე დაფუძნებული სწავლების (PBL), ვირტუალური ავადმყოფების პროგრამის და augmented reality-ის მიდგომათა გამოყენებით.
მდგრადობა
პროექტის მდგრადობა მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ (გარემოს) მდგრადობას, ისე შინაარსობრივ – საგანმანათლებლო-სამეცნიერო მდგრადობას, კერძოდ:
- თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტის კამპუსში მოწყობილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, ამავე კამპუსში არსებული ვივარიუმის სათანადოდ აღჭურვილ შენობასთან და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს ნეირომეცნიერების მიმართულებით კვლევების მუდმივ ჩატარებას, მაღალი ზემოქმედების კვლევის შედეგებით. ამავდროულად, კომპიუტერული კლასები უზრუნველყოფს კლინიკური ნევროლოგიის განახლებული მოდულის განახლებული მეთოდიკით სწავლების/სწავლის პერმანენტულ განხორციელებას, რაც მეტად მიმზიდველი გახდება ეროვნული და საერთაშორისო სტუდენტებისთვის და სტაჟიორებისათვის.
- მოხდება ინტეგრაციული ტრანსლაციური ნეირომეცნიერების სილაბუსის შეტანა „მედიცინის“ საგანმანათლებლო პროგრამების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კურიკულუმში – ჯერ არჩევითი, შემდგომ კი სავალდებულო კურსის სახით (აღნიშნული პროგრამების შემდგომი აკრედიტაციის დროს), რომელსაც გაუძღვება პროექტის ფარგლებში დატრენინგებული აკადემიური პერსონალი. ამავდროულად, სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ პერმანენტულად გამოცხადდება დოქტორანტთა მიღება, რომლებიც იმუშავებენ ნეირომეცნიერებაში ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელების მეთვალყურეობით, მათ შორის, ზემოაღნიშნულ ლაბორატორიაში.