• ქართული
  • English

სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების 10-წლიან სტრატეგიაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები მუშაობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების 10-წლიან (2022-2032) სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები არიან მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ექსპერტები პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეირჩნენ.

ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეხმარება სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის გზების განსაზღვრაში, შესაბამისი რესურსების მობილიზებაში, ძირითადი ეტაპების სრულფასოვნად დაგეგმვაში, ინდიკატორებისა და შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებაში და მონიტორინგისთვის აუცილებელი აქტივობების ჩატარებაში.

2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია იქნება სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს. დოკუმენტში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება. სტრატეგიის დოკუმენტი უპასუხებს განათლების სექტორში არსებულ ყველა გამოწვევას და წარმოადგენს არსებული პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების გზებს.

სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, I2Q პროექტის ექსპერტებმა და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა, ტიბორ დრაშკოვიჩმა მიიღეს მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიის სამიზნე მიმართულებები გამოკვეთეს და 2032 წლისთვის მისაღწევი ძირითადი შედეგების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მეორე დღე დაეთმო სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიაზე მუშაობას და დარგობრივი მიმართულებებით განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვას.

სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ფარგლებში მიმდინარეობს.