• English
  • ქართული

სიახლეები

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაიმართა

2-3 ივნისს I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი თამარ ჭყონია საერთაშორისო კონფერენციაში „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მონაწილეობდა.  კონფერენცია მიზნად ისახავდა ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის შესახებ აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტებმა  ფართო საზოგადოებასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს საუკეთესო პროფესიული პრაქტიკების მაგალითები და ისაუბრეს ამ სფეროს პრაქტიკოსების მუდმივი პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე.

„ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ ადრეული განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში ადრეული განათლების ხარისხისა და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის პროექტის ფარგლები მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

კონფერენციას საქართველოდან და უცხოეთიდან ესწრებოდა 150 მონაწილე, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები და მონაწილეობა მიიღეს თემატურ პანელურ დისკუსიაში, სადაც განიხილეს ადრეულ განათლებასა და ზრუნვასთან დაკავშირებული მართვის, დაფინანსების, ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ინკლუზიის საკითხები.

კონფერენციის სესიები უზრუნველყოფდა პლატფორმებს აქტიური განხილვებისთვის და მოიცავდა ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების პრეზენტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემიის ზეგავლენა ადრეულ განათლებაზე, ადრეული განათლების ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები, თამაშის როლი ადრეულ განათლებაში, ბავშვის უფლებები ადრეული განათლების კონტექსტში, პროფესიული კომპეტენციები, აღმზრდელ-პედაგოგთა განათლება და პროფესიული განვითარება, მშობლების ჩართულობა და პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა, ინკლუზიური პრაქტიკა და ადრეული ინტერვენცია, რეგულაციები და სტანდარტები.

კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის, ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები.

გალერეა