სკოლის ინფრასტრუქტურული სტანდარტების სამუშაო ვერსია განიხილეს
I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სკოლის ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით მუშავდება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რომელთა შესაბამისადაც აშენდება პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული დაწყებითი და საშუალო საფეხურის სამოდელო სკოლები.
ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. ახალი სტანდარტები მოაწესრიგებს არქიტექტურულ/სამშენებლო საკითხებს, განსაზღვრავს სასკოლო სავალდებულო სივრცეებს, ასევე, სავალდებულო და სარეკომენდაციო მოთხოვნებს.
სტანდარტებზე აქტიურად მუშაობს ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კომპანია GIB, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიის წარმომადგენლებთან I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორმა ვახტანგ ბაბუციძემ 30 ივნისს სამუშაო შეხვედრა გამართეს. კომპანიის დირექტორმა, ვაჟა კუხიანიძემ სტანდარტების პირველი სამუშაო ვერსიის ნიმუში წარმოადგინა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხება საკლასო ოთახების, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების დაგეგმარებასა და მათში ავეჯის განლაგებას სწავლების სხვადასხვა მეთოდის თავისებურებების გათვალისწინებით, ფიზიკური განვითარების სივრცეებს, ასევე, უსაფრთხოებას, სანიტარიასა და ჰიგიენას, ენერგოეფექტურობას, სამშენებლო მასალების ხარისხს, გათბობას, ვენტილაციას, სარეკრეაციო ზონებს და ა.შ.
ინფრასტრუქტურული სტანდარტების სამუშაო ვერსიის განხილვები გაიმართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად. შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სტანდარტებს განიხილავენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომპეტენტური აზრის გასათვალისწინებლად, რადგან ისინი განკუთვნილია ეროვნულ დონეზე სამუშაოდ.
აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ახალ კონცეფციასაც, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად.