CIF-ის საქმიანობის გაზიარების მიზნით უსდ-ებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) შეიქმნა. ფონდის შექმნა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას.
CIF-ის მიზნების და განხორციელების ზოგადი პრინციპების, ასევე აქტივობების დეტალურად გაცნობისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან 17-19 ოქტომბერს, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
CIF-ის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებმა უსდ-ების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ფონდის ძირითადი მახასიათებლების შესახებ, მათ შორის დეტალურად ისაუბრეს დაფინანსების ეტაპების, დაფინანსების მიზნების/თემატიკის, აპლიკანტის დასაშვებობის კრიტერიუმების, უმაღლეს დაწესებულებებს შორის კონსორციუმის შექმნის/პარტნიორობის, სათანადო და არასათანადო ხარჯების შესახებ. ასევე, ისაუბრეს CIF-ის ორგანიზაციული მოწყობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები და პროექტის გუნდის წევრები.
ინოვაციების ფონდის საქმიანობა განხორციელდება 2022-2024 წლებში. 2022 წლის ბოლოს გამოცხადდება პირველი საგრანტო კონკურსი.