მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერის მორიგი მისია განხორციელდა
პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმია. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები წელიწადში ორჯერ ახორციელებენ დანერგვის მხარდაჭერის მისიას, რაც ითვალისწინებს პროექტის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების მონიტორინგს, ასევე გამოწვევების გაცნობას და სამომავლო გეგმების დასახვას.
მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, 2022 წლის 26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრებს მართავდნენ. შეხვედრებში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და სსიპ-ების წარმომადგენლები, I2Q პროექტის მართვის გუნდის წევრები და განათლების სექტორში მომუშავე დონორი ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. მისიის ფარგლებში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის საჯარო სკოლები, რომლებიც პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოიკვლიეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების სტატუსები, გაეცნენ დაგეგმილ აქტივობებს, ხოლო დღემდე მიღწეული შედეგები პოზიტიურად შეაფასეს.
ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხი პროექტის – საქართველო (IBRD) ფარგლებში შესრულებული სამუშაოები (2022 წლის ოქტომბრამდე):
კომპონენტი 1 – ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
- დასრულდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემური სადიაგნოსტიკო კვლევა. შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებსაც დაეფუძნება პროექტის ფარგლებში რეფორმის მხარდამჭერი აქტივობები. კვლევა განახორციელა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ PPMI ჯგუფი, საერთაშორისო ასოციაციამ ISSA და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრმა, ივნისი, 2022);
- მრავალკომპონენტიანი აქტივობის – „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესება და პროგრამების ხარისხის ამაღლება“ – განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერით შეირჩა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, რომელიც 2026 წლის თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების ღონისძიებებს განახორციელებს, რაც საკანონმდელო ცვლილებების კვალდაკვალ განსახორციელებელი აქტივობების დამხმარე მექანიზმია.
კომპონენტი 2 – ზოგადი განათლების საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესება სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით
- პროექტის მიერ დაფინანსდა TIMSS-ის საერთაშორისო შეფასების 2023 წლის ციკლში მონაწილეობა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნისა და მსოფლიო ბანკთან შეთანხმების საფუძველზე);
- დასრულდა ზოგადი განათლების სისტემური შეფასების მრავალკომპონენტიანი სადიაგნოსტიკო კვლევა, რომლის ფარგლებში გაანალიზდა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მომზადდა რეკომენდაციები შემდგომი ინტერვენციების დასაგეგმად. კვლევა განახორციელა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ „მათემატიკა“ (Mathematica Inc/USA) პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად (PMCG), ივნისი, 2022);
- ზოგად განათლებაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლის 15 აგვისტოდან მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონსორციუმი – The Chancellor Masters and Scholars of the University of Cambridge, IBF International Consulting S.A და European Projects Management Ltd-ს სახით. კონსორციუმი 42 თვის განმავლობაში იმუშავებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვასა და ეროვნული შეფასების პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებაზე;
- დასრულდა მუშაობა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში (ივნისი, 2022);
- დასრულდა მუშაობა ზოგადი განათლების მიმართულებით ეროვნული შეფასების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში (ივნისი, 2022);
- დასრულდა მუშაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრების კონცეფციისა და სკოლის დირექტორების კონცეფციის შემუშავების მიმართულებით (ივლისი, 2022);
- მსოფლიო ბანკსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციით პროექტმა მხარდაჭერა გაუწია განათლებისა და მეცნიერების 10-წლიანი (2022-2032) სტრატეგიისა და 2-წლიანი სამოქმედო გეგმის (2022-2023) შემუშავებას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით (ოქტომბერი, 2021).
კომპონენტი 3 – უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა
- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის სრული პაკეტი და დასრულდა კონკურენტული ინოვაციების ფონდის განმახორციელებელი ერთეულის დაკომპლექტება. უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები. ფონდის ამოქმედება იგეგმება ნოემბრიდან. ფონდი საგრანტო დაფინანსების გაცემით ხელს შეუწყობს უსდ-ების აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებას;
- საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის IBF მიერ განხორციელდა ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკების კვლევა საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის განვითარების მიზნით.
კომპონენტი 4 – განათლების მონაცემთა სისტემის განვითარება, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება
- კიბერშეტევების საფრთხის თავიდან აცილების და COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიით განპირობებული გამოწვევების საპასუხოდ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა Checkpoint უსაფრთხოების სისტემის ლიცენზიის შეძენა;
- კოვიდპანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატზე გადასვლისას მოსწავლეებისთვის უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 433 საჯარო სკოლისთვის შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა – 6350 ლეპტოპი და 898 პროექტორი;
- საქართველოს მასშტაბით 121 სკოლაში მოეწყო Wi-Fi ქსელები. სამონტაჟო სამუშაოები დასრულდება 2022 წლის 6 ნოემბრამდე;
- ელექტრონული შეფასებების დანერგვის მიმართულებით სსიპ – გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, TAO პლატფორმის ადმინისტრაციული და ტექნიკური ტრენინგების ჩასატარებლად, ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ძირითადი ნაწილი შესრულებულია;
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მონაცემთა ბაზის სადიაგნოსტიკო კვლევა დასრულებულია. კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებების გათვალისწინებით, საკონსულტაციო კომპანია შეიმუშავებს რეკომენდაციებს სისტემის გაუმჯობესების და გაძლიერების მიმართულებით.
ინფრასტრურქტურული პროექტები
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განისაზღვრა 150 სკოლა, რომლებშიც პროექტის ფარგლებში, ბავშვზე ორიენტირებული სასკოლო მზაობის პროგრამები განხორციელდება. მათგან:
– 42 სკოლისთვის მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია;
– 11 სკოლაში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები;
– 31 სკოლაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები;
– მიმდინარეობს 40 სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. 150 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის სექტემბრამდე. - სკოლის ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით მუშავდება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რომლებიც გაითვალისწინებს კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. სამუშაოს დასრულების სავარაუდო პერიოდია 2023 წლის მაისი.
მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებები:
- მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი მომსახურების შესყიდვის პროცედურები. პროექტის განხორციელება იგეგემება 2022 წლის ნოემბერში;
- მრავალკომპონენტიანი აქტივობის – „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა“ განსახორციელებლად მომსახურების შესყიდვის მიზნით მიმდინარეობს ტენდერი. აქტივობის განხორციელების სავარაუდო პერიოდია 2022 წლის დეკემბერი – 2025 წლის ოქტომბერი;
- უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელისათვის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ხორციელდება საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი. სამუშაოს განხორციელების სავარაუდო პერიოდია 2022 წლის ნოემბერი – 2025 წლის ივნისი;
- დაწყებულია მუშაობა შერჩეული პლატფორმების საშუალებით დისტანციური სწავლებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით სკოლებისათვის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოს და ონლაინ ტრენინგ მოდულის შემუშავების, ასევე, ტრენერთა ტრენინგის განხორციელების მიმართულებით. სამუშაოს დასრულების სავარაუდო პერიოდია 2023 წლის მარტი;
- დაწყებულია მუშაობა საკონსულტაციო მომსახურებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებებისთვის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. სამუშაოს დასრულების სავარაუდო პერიოდია 2023 წლის ივლისი;
- დაწყებულია მუშაობა ტენდერის გამოცხადების მიზნით აქტივობების – EMIS-ის შესაძლებლობების განვითარების და LMS და EMS სისტემების დასანერგად ტექნიკური დავალების შემუშავების მიმართულებით.