• English
  • ქართული

სიახლეები

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია განახორციელებს

I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში უმაღლესი განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი მიმართულება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა. I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერით შეირჩა კომპანია UCL Consultants, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე იმუშავებს.

3 და 4 აპრილს, საერთაშორისო კომპანია UCL Consultants-ის ექსპერტებთან საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ, პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა ნინო ბეგიაშვილმა და სამინისტროს უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსმა მაია შუხოშვილმა საერთაშორისო კომპანია UCL Consultants-ის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

UCL Consultants იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით: 1. შემუშავდება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით; 2. შემუშავდება შვიდი მოდული საბაკალავრო სწავლებაში დასანერგად (6 სხვადასხვა დარგის ინგლისური ენის მოდული და ერთი მეწარმეობის მოდული) და 3. შეიქმნება ე.წ. international excellence school – საერთაშორისო სკოლები. საერთაშორისო სკოლები I2Q პროექტის ხანგრძლოვობისას 3-ჯერ ჩატარდება და ხელს შეუწყობს აკადემიურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სამუშაოები თანხვედრაში იქნება განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართული იქნება საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

გალერეა