საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის სამუშაო შეხვედრების სერია ჩატარდა
3-7 აგვისტოს, დაბა გუდაურში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და I2Q პროექტის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის ვორქშოფების სერია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პირმა, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა და 30-მდე მოწვეულმა სტუმარმა. 5 დღის განმავლობაში ჩატარებული სესიები აერთიანებდა საინფორმაციო ვორქშოფებს, სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს.
ღონისძიების მთავარი მიზნებს წარმოადგენდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციური და პროფესიული შესაძლებლობების ამაღლება; სკოლების აკადემიური, ადმინისტრაციული და მეთოდური მხარდაჭერის ტერიტორიული ერთეულების განვითარება; განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში სამინისტროსა და რესურსცენტრებს შორის ერთიანი პროფესიული ხედვისა და კოორდინაციის გაძლიერება.
აღნიშნული ღონისძიება სრულად ეფუძნება I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის მიზნებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქციური გაძლიერების შესახებ სიღრმისეული ანალიზის დოკუმენტი და შესაბამისი რეკომენდაციები. შემუშავებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რესურსცენტრების ფუნქციურ გაძლიერებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის მხარდამჭერი როლის განვითარებას ეხება, მათ შორის საუკეთესო სასკოლო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობასა და რეგიონულ დონეზე სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩატარებული ვორქშოფები აღნიშნული რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.შეხვედრაზე პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გააცნო I2Q პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2026 წლის ბოლომდე 300 საჯარო სკოლის STEAM საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის პროცესზე, რაც I2Q პროექტის ფინანსური მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

