• ქართული
  • English

კომპონენტი 3

უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების შესაძლებლობების გაუმჯობესება და
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, არსებული სისტემისა და მისი მარეგულირებელი ჩარჩოს ანალიზის საფუძველზე, მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც ორი ძირითადი – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებული – დაფინანსების მოდელისაგან შედგება.

დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესის მხარდასაჭერად, პროექტის ფარგლებში მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ახალი ავტომატიზებული სისტემა, რომლიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ეფექტიანობის შეფასებისათვის, სანდო მონაცემების გამოყენებით ქმნის შესაბამისი ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობასაც.

უმაღლესი განათლების დივერსიფიცირებული დაფინანსების ერთ-ერთი მექანიზმის სახით, სამინისტროს ფარგლებში, იქმნება საგრანტო პროგრამა – კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF). პროექტი აფინანსებს ინოვაციების ფონდის ორ საგრანტო კონკურსს, ჯამში, 4,2 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. კონკურენტული ინოვაციების ფონდის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგრანტო დაფინანსება ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის, ინტერნაციონალიზაციისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესების კონკრეტულ ღონისძიებებსაც, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობით იქმნება ერთობლივი სადოქტორო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარებისა და დარგობრივი ინგლისური ენის შესწავლისათვის იქმნება კურიკულუმი საბაკალავრო სწავლებაში დასანერგად.

კომპონენტის ფარგლებში იქმნება საერთაშორისო სამეცნიერო სკოლები (International Excellence School), სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ჩასატარებლად. ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესება.

კომპონენტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად უზრუნველყოფილია მაღალი დონის ექსპერტული დახმარება, ადგილობრივი უნივერსიტეტებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობა, ასევე, თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორებიცაა:  IBF International Consulting/Belgium, UCL Consultant/UK, Savvy Business sLtd/Bulgaria, Seatig Inc./USA, და სხვ.

კომპონენტი 3