• ქართული
  • English

სიახლეები

საერთაშორისო ექსპერტთა გუნდთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” ფარგლებში 14 სექტემბერს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენლებთან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით კონსორციუმი იმუშავებს ზოგადი განათლების სიტემაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.  თანამშრომლობის ფარგლებში, ზოგადი განათლების სექტორში განხორციელდება ინტერვენციები სამი ძირითადი მიმართულებით:

1. მთლიანი სკოლის გაუმჯობესების გეგმები და პროგრამები, რომელიც მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებას, განხორციელებას და სკოლის მენეჯმენტის განვითარება-გაძლიერებას.

2. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწა-განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერების გზით სასკოლო შეფასების პრაქტიკების განვითარებისა და განხორციელების მხარდაჭერას.

3. მოსწავლეთა შედეგების ეროვნული შეფასების პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მოიცავს მექანიზმებისა და ინსტრუქციების შემუშავებას ახალი ეროვნული შეფასების პოლიტიკის ჩარჩოს პილოტირების, გაუმჯობესებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტთა გუნდის ლიდერმა ჯონ ჰენლიმ თანამშრომლობის მიზნები, ძირითადი განსახორციელებელი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და I2Q პროექტის მართვის გუნდი, საერთაშორისო კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები.

კონსორციუმი შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით და წარმოდგენილია IBF International Consulting S.A, European Projects Management Ltd და The Chancellor Masters and Scholars of the University of Cambridge სახით. ის ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერ ამოცანებზე  42 თვის განმავლობაში იმუშავებს.

გალერეა