• English
  • ქართული

სიახლეები

სასკოლო მზაობის პროგრამისთვის ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ადრეული განათლების კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება. განახლებული პროგრამის პილოტირება განხორციელდება წინასწარ შერჩეულ 150 სკოლაში. სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით წესრიგდება ინფრასტრუქტურა, ხოლო I2Q პროექტის ფარგლებში უშუალოდ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები განხორციელდება.

ქვეყნის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 21 სკოლაში. ხოლო 21 სკოლაში სამუშაოების განსახორციელებლად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს სკოლის შენობის სასკოლო მზაობის პროგრამისთვის გამოყოფილ ნაწილში არსებული ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას, მათ შორის ახალი იატაკის დაგებას, კედლების შეღებვას, კარ-ფანჯრის შეცვლას, ელექტრობის ახალ გაყვანილობას და შესაბამისი ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებული სანიტარული კვანძების მოწყობას. სასკოლო მზაობის ჯგუფები აღიჭურვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსით, ავეჯითა და ტექნიკით.

I2Q პროექტის ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს.