• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის საკოორდინაციო ჯგუფმა 2022 წელი შეაჯამა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომა 26 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ჯგუფის წევრებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს მუშაობის პროცესში განხორციელებული აქტივობები და ერთხმად აღნიშნეს პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობის და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის პროექტის შესახებ. ასევე განიხილეს ბაღების თვითშეფასების ინსტრუმენტების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების,  კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების, შენობის, ინფრასტრუქტურისა და და მატერიალურ-ტენიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ აქტიურად მონაწილეობს ბაღების ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის რევიზიაში.

შემაჯამებელი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო ხითარიშვილმა, ეფექტიანი კომუნიკაციისა და კოორდინაციის შენარჩუნების მიზნით, წარმოადგინა ინიციატივა საკოორდინაციო ჯგუფის უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობის შესაბამისად.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, I2Q პროექტის, კერძო ბაღების ასოციაციის, კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები სანიტარია-ჰიგიენის, კვებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

გალერეა